
თავდაცვის მინისტრისთვის სააკაშვილის ავღანეთში ვიზიტის დაანონსება მოულოდნელი იყო
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ავღანეთში დაგეგმილი ვიზიტის საჯარო დაანონსება მისთვის მოულოდნელი იყო და დასძინა, რომ მაღალჩინოსნების დაგეგმილი ვიზიტები ავღანეთში, ჩვეუბრივ, კონფიდენციალურია მათ ჩასვლამდე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა 25 დეკემბერს, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ჰელმანდის პროვინციაში ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდება.
„ჩვენთვის მოულოდნელი იყო ასეთი საჯარო განცხადება“, – განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „მაესტროს“ 26 დეკემბერს, „თავისთავად, როდესაც ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი თავის ჯართან ერთად შეხვდება ახალ წელს, ეს პოზიტიურია. უბრალოდ, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ შეგვენახა ეს კონფიდენციალურად, როგორც ეს ხდება ზოგადად პირველი პირების ასეთ ცხელ წერტილში ვიზიტისას“.
„ეს არის რუტინული შეთანხმება, რომ ინფორმაციამ არ უნდა გაჟონოს, ვიდრე პრაქტიკულად არ დაიწყება ვიზიტი. მაგრამ კატასტროფას ამაში ვერ ვხედავ. ჩვენ მივიღებთ ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაბამის უსაფრთხოების ზომებს“, – განაცხადა მან.
ალასანიამ ასევე მიანიშნა, რომ ავღანეთში 19 დეკემბერს გაუჩინარებული ქართველი ჯარისკაცის „ძიება გადარჩენის ოპერაციის“ ფონზე, პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი შესაძლოა კიდევ ერთი ტვირთი იყოს უსაფრთხოების კუთხით ჰელმანდში განთავსებული ქართველი სამხედროებისთვის. თუმცა, მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სააკაშვილის ვიზიტის მზადება ქართველი კაპრალის გაუჩინარებამდე დაიწყო.
კითხვაზე ხომ არ ურჩევს იგი პრეზიდენტს ვიზიტის გადადებას, ალასანიამ უპასუხა, რომ არ გააკეთებს ამას, რადგანაც სააკაშვილი „არ გაითვალისწინებს ამ რჩევას“.
მან ასევე დასძინა, რომ „ჩვენ შეგვწევს ძალა, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ ჩვენი უსაფრთხოება და ეს ვიზიტი დასრულდეს მშვიდობიანად“.
გაუჩინარებულ ქართველ კაპრალზე საუბრისას, ალასანიამ განაცხადა, რომ „კიდევ უფრო მეტი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ცოცხალია და უფრო მეტი საფუძველი გვაქვს ოპტიმიზმის, რომ ეს დასრულდება მშვიდობიანად და მას დავუბრუნებთ შეიარაღებულ ძალებს და ოჯახს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)