ახალი ამბები

მერაბიშვილის სავარაუდო ყალბი პასპორტის საქმეზე გამოძიება გრძელდება

  • შსს მოწმეების ჩვენებებიდან „ამონარიდებს“ აქვეყნებს;
  • პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლების ჩვენებები ძირითადად ემთხვევა მესაზღვრე კონტროლიორის ჩვენებას;
  • მერაბიშვილმა გამომძიებლებს მოვლენების განსხვავებული ვერსია წარუდგინა;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მერაბიშვილი კვლავ დაიკითხება;
  • შს მინისტრი: „სამარცხვინოა, რომ მერაბიშვილი არ აღიარებს ყალბი პასპორტის გამოყენებას“.



კადრი შსს–ს ვიდეოდან, სადაც ჩანს ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და ყოფილი შს მინისტრი და პრემიერ–მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელიც 1 დეკემბერს დაკითხვაზე იმყოფება. მერაბიშვილმა სთხოვა გამომძიებლებს დაკითხვის გადაღება შეეწყვიტათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის განაგრძობს გამოძიებას იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც, ყოფილი პრემიერის და ამჟამად ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მიერ „ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას“ უკავშირდება. მერაბიშვილი 1 დეკემბერს ამ საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე იმყოფებოდა, რამაც დაახლოებით ორ საათს გასტანა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მართალია მერაბიშვილი დაკითხვაზე გამოცხადდა, მაგრამ მან „პრაქტიკულად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან“. 

„მან თავი აარიდა კონკრეტულ კითხვებს. მისი ჩვენება იყო უკიდურესად ზედაპირული და ურთიერთგამომრიცხავი. მან სცადა უარეყო გამოძიების მიერ უტყუარად დადგენილი ფაქტები, რის გამოც გამოძიება გაგრძელდა და განმეორებით დაიკითხებიან საქმეში მონაწილე უკლებლივ ყველა პირი, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის თანამშრომლები და ყოფილი პრემიერი ივანე მერაბიშვილი“, – განაცხადა შსს–მ.

სამინისტრომ სამწუთიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ნაჩვენებია ერთ დროს დიდი ძალაუფლების მქონე მინისტრი, რომელიც გამომძიებელთან ერთად ზის ოთახში. ვიდეოში ჩანს, რომ მერაბიშვილი სიგარეტს ეწევა და ეუბნება პოლიციის ოფიცერს, რომელმაც დაკითხა ის: „არ მინდა, რომ გადაიღოთ ჩემი დაკითხვა … მაქვს ამის უფლება… კამერის გარეშე მე მზად ვარ ჩვენება მივცე“.

2 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ამონარიდები“ გამოაქვეყნა მოწმეთა ჩვენებებიდან, მათ შორის ერთ–ერთი მერაბიშვილს ეკუთვნის, რომელიც უარყოფს ყალბი პასპორტის გამოყენებას.    

ასევე გამოქვეყნდა სხვა მოწმეთა ჩვენებები, რომელთა შორის არიან პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის თანამშრომელი და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორი, რომელიც შსს–ს თანამშრომელია.

ამ ჩვენებების ის ნაწილები, რომელიც შსს–მ გამოაქვეყნა, ძირითადად ემთხვევა ერთმანეთს. მხოლოდ მერაბიშვილის ჩვენება განსხვავდება და მოვლენათა განსხვავებულ ვერსიას ავითარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს საქმეს, რომელიც უკავშირდება მერაბიშვილის მიერ „ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას“. ჯერჯერობით მერაბიშვილისთვის ოფიციალურად ბრალი არ წაუყენებიათ.

ვანო მერაბიშვილი 30 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად სტუმრობდა სომხეთს, სადაც ევროპის ხალხთა პარტიის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში მთელი რიგი შეხვედრები გამართა, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტთან ჟოზე მანუელ ბაროზოსთან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომლის თავმჯდომარეც პრეზიდენტი სააკაშვილია, ევროპის ხალხთა პარტიის დამკვირვებელი წევრია. დელეგაცია და მათ შორის მერაბიშვილი საქართველოში იმავე დღეს გვიან დაბრუნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 30 ნოემბერს დელეგაციის თბილისის აეროპორტის VIP დარბაზში მისვლის შემდეგ, პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა მესაზღვრე კონტროლიორს პასპორტი წარუდგინა; ოფიცერმა აღმოაჩინა, რომ პასპორტში მერაბიშვილის ფოტო იყო დატანილი, მაგრამ მასში „ლევან მაისურაძის“ სახელი და გვარი იყო მითითებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იმისათვის, რომ დელეგაციისთვის და თავად ვიზიტისთვის პრობლემები არ შეექმნათ, სამართლებრივი პროცედურები მაშინვე არ დაწყებულა და მას საშუალება მისცეს დაეტოვებინა ქვეყანა ნამდვილი პასპორტის წარდგენის შემდეგ.

2 დეკემბერს, „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“, სამინისტრომ ამონარიდები გამოაქვეყნა მოწმეთა ჩვენებებიდან.



შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა "ყალბი" პასპორტის ფოტოასლი, რომლითაც ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სავარაუდოდ ცდილობდა 30 ნოემბერს სომხეთში გამგზავრებისას საზღვრის გადაკვეთას.

თბილისის აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორი ვაჟა ღოღაძე თავის ჩვენებაში აცხადებს, რომ ერთ–ერთ პასპორტში, რომელიც მას პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა მისცა, ვანო მერაბიშვილის ფოტო იყო დატანილი, თუმცა სხვა სახელი ეწერა – „ლევან მაისურაძე“.

„მე პროტოკოლის სამსახურის წარმომადგენელს, რომელმაც მომაწოდა აღნიშნული პასპორტი, განვუმარტე, რომ პასპორტის მფლობელს არ მივცემდი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობას…  მე წარმომადგენელს ვკითხე, თუ ვისი პასპორტი წარმომიდგინა მან, რაზეც მიპასუხა, რომ მის მიერ წარმოდგენილი პასპორტი იყო ივანე მერაბიშვილის“, – ნათქვამია ღოღაძის ჩვენებაში.

ამავე ჩვენების თანახმად, მან პასპორტი პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელს დაუბრუნა და სთხოვა მას სურათისთვის შეეხედა და შემდეგ პასპორტში მითითებულ დემოგრაფიულ მონაცემებთან შეედარებინა.

„დემოგრაფიული მონაცემების შემოწმებისთანავე … მან პასპორტი მიუტანა პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსს ზურაბ დარჩიაშვილს“, – ნათქვამია ღოღაძის ჩვენებაში, „ამ დროს მე დავინახე, რომ ზურაბ დარჩიაშვილთან ერთად იდგა შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი. ივანე მერაბიშვილმა ზურაბ დარჩიაშვილთან ერთად დახედა პასპორტს, ხმამაღლა თქვა რა პრობლემა არისო, ეს პასპორტი არ გავატაროთო, იმ პასპორტს ცოტა ხანში მოიტანენო. დაახლოებით, 3-5 წუთში დარჩიაშვილმა მომაწოდა საქართველოს ეროვნული პასპორტი გაცემული ივანე მერაბიშვილის სახელზე, მასში მოთავსებული ივანე მერაბიშვილის ფოტო-სურათით, რაც მე შესაბამისი წესით გავატარე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მე დავინახე, თუ როგორ გამოართვა ივანე მერაბიშვილმა ზურაბ დარჩიაშვილს ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი და ჩაიდო ქურთუკის ჯიბეში“.

პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსმა ზურაბ დარჩიაშვილმა განუცხადა გამომძიებლებს, როგორც ამის თაობაზე მისჩვენებაშია ნათქვამი, რომ დელეგაცია, რომელიც ერევანში მიემგზავრებოდა, თბილისის აეროპორტის VIP დარბაზში შეიკრიბა 30 ნოემბერს, დაახლოებით, 15:30 საათზე.

„ივანე მერაბიშვილმა მომაწოდა პასპორტი, რომლითაც უნდა მომხდარიყო მის მიერ საზღვრის კვეთის დაფიქსირება… ივანე მერაბიშვილის პასპორტი მე მივაწოდე ჩემს თანამშრომელს გიორგი გიორგაძეს… რომელმაც მითითებული პასპორტი მიიტანა სასაზღვრო გამტარ პუნქტთან და მიაწოდა მესაზღვრე კონტროლიორ პატრულ–ინსპექტორს. რამოდენიმე წუთში გ.გიორგაძემ მითხრა, რომ გაურკვევლობა იყო ივანე მერაბიშვილის პასპორტთან დაკავშირებით და განმარტა, რომ მითითებული პასპორტი არ იყო ივანე მერაბიშვილის… მე გამოვართვი პასპორტი და შევამოწმე პასპორტის გრაფაში არსებული სახელი და გვარი, რომელიც არ ემთხვეოდა ივანე მერაბიშვილის სახელს და გვარს… მე ყურადღებით არ დამითვალიერებია ხსენებული პასპორტი, რაც არ შედიოდა ჩემს მოვალეობაში, ანუ ვისი სურათი იყო პასპორტში ჩაკრული არ ვიცი“, – აცხადებს დარჩიაშვილი თავის ჩვენებაში.

„ხსენებული პასპორტი დავუბრუნე პირადად ივანე მერაბიშვილს. ივანე მერაბიშვილმა განმარტა, რომ ეს პასპორტი ნამდვილად სხვა პასპორტი იყო და მითხრა, რომ ცოტა ხანში მოიტანდნენ მის პასპორტს და მართლაც 5–7 წუთში, ჩემთვის უცნობმა მამაკაცმა რომელიც შესაძლოა იყო ივანე მერაბიშვილის თანმხლები პირი მოიტანა ივანე მერაბიშვილის პასპორტი“, – ნათქვამია ჩვენებაში.

1 დეკემბერს, მისი ჩვენების გამოქვეყნებამდე, დარჩიაშვილმა საჯარო განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „გასაკვირია, რომ … ასეთი ბრალდებები გავრცელდა ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით“.  

პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომლის გიორგი გიორგაძის ჩვენების მიხედვით, მან დაინახა, როგორ აძლევდა მერაბიშვილი პროტოკოლის სამსახურის უფროსს ზურაბ დარჩიაშვილს პასპორტს აეროპორტის VIP დარბაზში.

„ხოლო მან თავის მხრივ გადმომცა… მე ისე, რომ ზურაბ დარჩიაშვილის მიერ გადმოცემული ივანე მერაბიშვილის პასპორტისათვის არც კი დამიხედავს ისე წარვუდგინე პატრულ–ინსპექტორს (მესაზღვრე–კონტროლიორს)… რამდენიმე წუთში პატრულ–ინსპექტორმა მითხრა, რომ ჩემს მიერ წარდგენილი პასპორტი არ ეკუთვნოდა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს და ამ პასპორტით ვერ მიცემდა ივანე მერაბიშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლებას. მე დავუძახე იქვე დარბაზში მყოფ ზურაბ დარჩიაშვილს და ვუთხარი, რომ ივანე მერაბიშვილის პასპორტთან დაკავშირებით იყო პრობლემები… ზურაბ დარჩიაშვილმა პატრულ–ინსპექტორს გამოართვა აღნიშნული პასპორტი და რამოდენიმე წუთში მოიტანეს ივანე მერაბიშვილის პასპორტი, რომლის საშუალებითაც მან გაიარა საპასპორტო კონტროლი და გაემგზავრა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და ოფიციალური დელეგაციის წევრებთან ერთად ქ.ერევანში“, – აცხადებს გიორგაძე თავის ჩვენებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა მოკლე ამონარიდი მერაბიშვილის ჩვენებიდან, სადაც ის აცხადებს: „ვიპ დარბაზში დელეგაციის დამხმარე პირს გადავეცი ჩემი ეროვნული პასპორტი, რომელსაც უნდა მიეტანა იგი მესაზღვრე კონტროლიორამდე, მის ბიომეტრიულ გვერდზე დატანილი იყო ჩემი სურათი ჩემი სახელი და გვარი ივანე მერაბიშვილი დაბადებული 15.04.1968 წელი და შესაბამისი პირადი ნომერი“.

„დასმულ შეკითხვაზე დამხმარე პირმა გადმომცა თუ არა ჩემს მიერ მიწოდებული ეროვნული პასპორტი და მითხრა თუ არა რაიმე. გიპასუხებთ: მე რამდენადაც მახსოვს დამხმარე პირს ჩემი ეროვნული პასპორტი წარვუდგინე, გადავეცი ერთხელ და მას ჩემთვის არაფერი არ უთქვამს პასპორტთან დაკავშირებით და არც რაიმე ინციდენტი შემინიშნავს და ასევე გაფრენის შემდეგ, როდესაც ასევე დავბრუნდი საქართველოში არც შემდეგ მქონია რაიმე შეხება. მე ლევან მაისურაძეს არ ვიცნობ, არც მისი რაიმე სახის დოკუმენტი მინახავს და არც მქონია“, – ნათქვამია ივანიშვილის ჩვენებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა „მართლმსაჯულებისათვის შეგნებულად ხელის შეშლის მიზნით, გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, რომელიც არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში მოპოვებულ მტკიცებულებებსა და უტყუარად დადასტურებულ ფაქტებს, აგრეთვე, სხვა მოწმეთა ჩვენებებს“.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა 2 დეკემბერს, რომ „სამარცხვინოა“, რომ მერაბიშვილს არ აღმოაჩნდა „საკმარისი ვაჟკაცობა“, რათა ეღიარებინა, რომ მას ყალბი პასპორტი ჰქონდა. 

„ჩემთვის ძალიან უხერხულია და სამარცხვინოა ის ფაქტი, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ–მინისტრი არ აღიარებს იმ ფაქტს, რომ დამზადებული იყო სხვა პასპორტი ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე; ეს ფაქტი დაფიქსირდა თბილისის აეროპორტში, ეს დააფიქსირა პატრულის თანამშრომელმა და დაადასტურა პროტოკოლის თანამშრომელმა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ის უბრალოდ ტყუის, როცა აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს არ ჰქონია ადგილი. მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ადამიანს, და განსაკუთრებით შს ყოფილ მინისტრს და ყოფილ პრემიერს უნდა გააჩნდეს საკმარისი ვაჟკაცობა, რომ აღიაროს აღნიშნული ფაქტი“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ გამოძიება გაგრძელდება და დადგინდება საქმის ვითარება.

1 დეკემბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც იმედი გამოთქვა, რომ „სახელმწიფოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ამ აბსურდულ გამოძიებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ შეწყვეტენ.“

„თავისთავად ის იდეა, რომ ვანო მერაბიშვილი გამოიყენებდა ყალბ პასპორტს ასეთ ოფიციალურ ვიზიტზე გასამგზავრებლად იმდენად აბსურდულია, რომ ჩემთვის საერთოდ კომენტარის გაკეთებაც კი ძნელია ამ თემაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა. „ის, რომ  ვანო მერაბიშვილი, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, შეეცდებოდა საზღვრის სხვის სახელზე გაცემული, ყალბი პასპორტით გადაკვეთას, რათა მთელი ევროპის ტელეკამერების წინ ჩაეტარებინა ღია შეხვედრა, მხოლოდ ძალიან უგუნურ ადამიანებს შეიძლება მოეფიქრებინათ.“

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button