ახალი ამბები

შსს: მერაბიშვილი ყალბი პასპორტის საქმეზე დაიკითხება



შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა "ყალბი" პასპორტის ფოტოასლი, რომლითაც ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი სავარაუდოდ ცდილობდა 30 ნოემბერს სომხეთში გამგზავრებისას საზღვრის გადაკვეთას.   

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს გამოძახებული იქნება დასაკითხად მის მიმართ 30 ნოემბერს დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც ყალბი დოკუმენტის გამოყენებასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას უკავშირდება, განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 დეკემბერს.

ვანო მერაბიშვილი 30 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად სტუმრობდა სომხეთს.

გამგზავრებისას, შსს-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა სასაზღვრო კონტროლის გავლის მიზნით წარადგინა მერაბიშვილის პასპორტი, თუმცა მესაზღვრე კონტროლიორმა დოკუმენტის შემოწმებისას აღმოაჩინა, რომ პასპორტი ყალბი იყო, ვინაიდან გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით.

„იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა“, – აცხადებს შსს და დასძენს, რომ საგამოძიებო ქმედებები ვერც მერაბიშვილის თბილისში დაბრუნებისას განხორციელდა, ვინაიდან მან „პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“.

„დღეს, ივანე მერაბიშვილი გამოძახებული და დაკითხული იქნება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით“, – განაცხადა შსს-მ.

მერაბიშვილმა მის მიმართ დაწყებული გამოძიების შინაარსობრივ მხარეზე არ ისაუბრა და მხოლოდ იმაზე გააკეთა აქცენტი,  რომ “უკვე ორი თვეა ეს ხელისუფლება მოვიდა და აბსურდებმა სრულიად ახალ სიმაღლეებს მიაღწია“.

„ეს ხელისუფლება სერიოზულად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ მე გუშინ საღამოს ყალბი პასპორტით ვაპირებდი ერევანში გაფრენას პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ევროპის სახალხო პარტიის სამიტზე, რომელიც ერევანში გაიმართა“, – განაცხადა მან საგანგებო ბრიფინგზე.

„მე მესმის და ყველამ ვიცით, რომ ხელისუფლება აპირებს ყველა დააშინოს და დაიჭიროს, მაგრამ ის, რაც დღეს განაცხადეს, ყოველ ზღვარს სცილდება“, – განაცხადა მერაბიშვილმა.
 
„ეს რომ მარტო მე მეხებოდეს, რა თქმა უნდა, მე ამას იუმორით შევხვდებოდი, მაგრამ ეს ეხება ჩვენს საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება აპირებს თვალში ნაცარი შეაყაროს ჩვენს საზოგადოებას“, – აღნიშნა მერაბიშვილმა 1 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ირმა ნადირაშვილმა იმავე ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება არის „სრულიად ტყუილი“ და „მთავარ სცენარისტთან, ბიძინა ივანიშვილთან“ შეთანხმებით დადგმული "აბსურდის თეატრი“. 

ნაციონალურმა მოძრაობამ უარყო შსს-ის განცხადება, რომ მერაბიშვილმა თბილისში დაბრუნების შემდეგ აეროპორტი პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა. ნადირაშვილმა განაცხადა, რომ პოლიციას შეეძლო ივანიშვილისთვის შეკითხვები მისი დაბრუნებისას დაესვა, თუმცა ეს არ გააკეთა. 

"ჩვენი ვარაუდით ეს დრო სჭირდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ კარგად დაედგათ აბსურდის თეატრი", – განაცხადა დეპუტატმა ნადირაშვილმა, „ჩვენ ვთვლით, რომ ეს პირდაპირ არის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა, სწორედ მისი სცენარით მიმდინარეობს პოლიტიკური დაჭერები და დევნა ნაციონალური მოძრაობის და როდესაც ისინი საუბრობენ, რომ ეს არ არის შერჩევითი სამართალი, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი აზრით,  ეს არის სწორედ შერჩევითი სამართალი".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ მის ყოფილ მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებული შესაძლო კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინა და  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დანაშაულის ნიშნების შემცველი მასალები პროკურატურას გამოსაძიებლად გაუგზავნა.

ამ ბრალდებებზე, როგორც „არასერიოზულსა“ და „ბუნდოვანზე“, მერაბიშვილმა კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავა, თუმცა კითხვაზე ელის თუ არა ის დაპატიმრებას, უპასუხა, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით „არაფერს არ გამოვრიცხავ“.

ცოტა ხნის წინ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მისი ადმინისტრაციის უფროსი და თბილისის ვიცე-მერი შოთა ხიზანიშვილი უკანონო მოსმენების საქმესთან დაკავშირებით დააკავეს, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს „დაკავება მოხდა იმისათვის, რომ პირადად ჩემზე მოხდეს ზეწოლა“.

„ჩვენ არ შეგვეშინდება [პრემიერ-მინისტრ] ბიძინა ივანიშვილის ასეთი ნაბიჯების“, – განაცხადა 16 ნოემბერს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button