ახალი ამბები

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად ვიცე–მერი დაკავებულია

შოთა ხიზანიშვილი, თბილისის მერის მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, 15 ნოემბერს პროკურატურაში რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ დააკავეს, განაცხადა მისმა ადვოკატმა.

ხიზანიშვილის ადვოკატის თქმით, მისი კლიენტი სამსახურებრივი უფლებოსილების შესაძლო გადამეტების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

ადვოკატმა ასევე განაცხადა, რომ ხიზანიშვილი ბრალდებებს უარყოფს.

პროკურატურას ოფიციალური ბრალი მისთვის ჯერ არ წაუყენებია.

ხიზანიშვილის დაკითხვაზე დაბარების შემდეგ გავრცელებულ მოკლე წერილობით განცხადებაში პროკურატურამ განაცხადა, რომ მის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ მუშაკთა მიმართ, რის საფუძველზეც  დაკითხვაზე იმყოფებიან შოთა ხიზანიშვილი და ასევე კონსტიტუციული უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.

მოგვიანებით, 15 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლელუაშვილი დაკითხვის შემდეგ დააკავეს და მას უკანონო მოსმენების ბრალდება აქვს წაყენებული.

ხუთშაბათს ღამით ასევე დააკავეს შსს–ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი.

პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავების საფუძვლების შესახებ დეტალური ინფორმაცია 16 ნოემბერს დაგეგმილ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

ხიზანიშვილი შსს–ს ადმინისტრაციის უფროსი იყო ვანო მერაბიშვილის მინისტრობის დროს.

მოგვიანებით, როდესაც 2012 წლის ივლისში ვანო მერაბიშვილი ამ პოსტზე ბაჩო ახალაიამ შეცვალა, ხიზანიშვილი დააწინაურეს და იგი მინისტრის მოადგილე გახდა.

1 ოტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხიზანიშვილი თბილისის მერის გიგი უგულავას მოადგილედ დაინიშნა.

დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური დევნის მწვავე კამპანია მიმდინარეობს, რაც ქვეყანას ძალიან უარყოფით შედეგებს მოუტანს.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button