skip to content
ახალი ამბები

ალასანია: ‘თავდაცვის ბიუჯეტში 113 მილიონი ლარის დეფიციტია’

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში 113 მილიონი ლარის „დეფიციტია“, განაცხადა ახალმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შაბათს.

„პრობლემური საკითხები დაგვხვდა: დაახლოებით 113 მილიონი ლარი არის დეფიციტი თავდაცვის ბიუჯეტში.  ამის შესახებ ჩემს სამუშაო ჯგუფს უკვე აქვს მოსაზრებები შემუშავებული, ამ კრიზისიდან გამოსვლის, რომელსაც მე ორშაბათს საქართველოს პრემიერ მინისტრს [ბიძინა ივანიშვილს] გავაცნობ“, – განაცხადა ალასანიამ, რომელიც 27 ოქტომბერს სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის „დეფიციტის“ დეტალები უცნობია. სამინისტროს 2012 წლის ბიუჯეტი 676.5 მილიონ ლარს შეადგენს.

„დეფიციტის დეტალიზაციას ფინანსებთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ მომავალ კვირას“, – განაცხადა ალასანიამ.

ალასანიამ, რომელიც პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად 25 ოქტომბერს დაამტკიცა მინისტრად, განაცხადა, რომ ქართული არმიის ბრძოლისუნარიანობის გაზრდა მისი მმართველობის პრიორიტეტი იქნება. 

„ჩვენ დავიცავთ მშვიდობას, მაგრამ მშვიდობა რომ დავიცვათ, მუდმივად უნდა ვიყოთ საბრძოლო მზადყოფნაში“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, პრიორიტეტი იქნება ასევე თავდაცვის სამინისტროს „დეპოლიტიზაცია“. ალასანიას თქმით,  ის დატოვებს 2009 წელს დაფუძნებული და საპარლამენტო უმრავლების წევრი პარტიის „ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის პოსტს.  

ალასანიამ ასევე პირობა დადო, რომ გაიზრდება თავდაცვის სამინისტროს გამჭირვალობა და სამინისტროსა და არმიაზე სამოქალაქო კონტროლი. ახალი მთავრობის პროგრამა ითვალისწინებს რეგულარული ანგარიშების წარდგენას, მათ შორის თავდაცვის სფეროს ხარჯვით ნაწილზე, პარლამენტისთვის და სამხედრო ომბუდსმენის პოსტის შემოღებას.

ალასანიამ გაიმეორა, რომ საქართველო ავღანეთში ISAF–ის ოპერაციის ერთგული დარჩება.

„ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის სამინისტრომ და შეიარაღებულმა ძალებმა ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელეს; რიგი მათგანი იყო წარმატებული, რიგი – წარუმატებელი. ასე რომ, ჩვენ დავაფუძნებთ ჩვენს შემდგომ საქმიანობას წარმატებაზე, რომელიც მემკვიდრეობითობის, ინსტიტუციური მეხსიერების და ინსტიტუციონალიზმის შენებაში იქნება ერთ–ერთი მთავარი პრინციპი“, – განაცხადა ახალმა თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეების დანიშვნასთან დაკავშირებით იგი ორშაბათს, პრემიერ–მინისტრ ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს.

ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო და თავდაცვის წარმოების პროექტები ძირითადად ფასადური ხასიათის იყო და წინა ხელისუფლების „PR მიზნებს“ ემსახურებოდა; თუმცა მან იქვე დასძინა, რომ იგი დეტალურად შეისწავლის ამ სექტორს და ადგილობრივი სამხედრო წარმოების ხელშეწყობა მისი ერთ–ერთი მიზანი იქნება.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button