ახალი ამბები

შაშკინმა დაადასტურა, რომ მან საქართველო დატოვა

დიმიტრი შაშკინმა, რომელსაც ბოლო წლებში სასჯელაღსრულების მინისტრის, შემდეგ განათლების მინისტრის და ბოლოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობები ეკავა, 22 ოქტომბერს დაადასტურა, რომ მან ქვეყანა დატოვა.

„მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო საქართველო, იმ იმედით, რომ დავბრუნდები და კვლავ მექნება საშუალება, ვემსახურო ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს“, – წერს შაშკინი თავის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში, „მე გავატარე ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი ოთხი წელი მიხეილ სააკაშვილის მთავრობაში და ჩვენ ყველამ ერთად საქართველო თავისი განვითარების ზენიტში ავიყვანეთ“.

1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პრეზიდენტ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის დამარცხების შემდეგ, რამდენიმე მაღალჩინოსანმა, მათ შორის დიმიტრი შაშკინმა და იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, ქვეყანა დატოვა. ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ადეიშვილი „შვებულებაშია“, თუმცა დაუდგენელია რომელ ქვეყანაში. არჩევნების შემდეგ შაშკინის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აშშ–ს სტუმრობდა და საქართველოში 6 ოქტომბერს დაბრუნდებოდა.

შაშკინი, რომელიც 2009 წლის თებერვალში მთავრობაში გაწევრიანებამდე აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პროგრამების დირექტორი იყო საქართველოში, აცხადებს თავის წერილში, რომ იგი ამაყობს იმ რეფორმებით, რომელიც მან გაატარა 2009 წლის თებერვალ–დეკემბერში სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე, 2009 წლის ივლისიდან 2012 წლამდე განათლების მინისტრის პოსტზე, და ბოლოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

„არ გამიკვირდება, რომ უახლოეს მომავალში გაიგოთ ბევრი "გაუგონარი ამბავი“ ჩემ შესახებ. ვინც მიცნობს, არ დაიჯერებს. თუმცა, ვინც არ მიცნობს, მინდა, დავარწმუნო, რომ ყოველთვის ვიცავდი კანონს და პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს“, – წერს შაშკინი და დასძენს: „არ ვნანობ არცერთ გადაწყვეტილებას, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივიღე და მზად ვარ, ვუპასუხო ნებისმიერ შეკითხვას“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button