ახალი ამბები

ივანიშვილი: „სოჭში ოლიმპიადის ჩატარებას მივესალმებით“

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ საქართველომ „აუცილებლად“ უნდა მიიღოს მონაწილეობა 2014 წლის სოჭის ოლიმპიურ თამაშებში.  

„ოლიმპიადის ჩატარებას მივესალმებით“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს. „საქართველომ აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა; ჩვენ ჩვენი მხრიდან, როგორც მეზობელი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ოლიმპიადა მშვიდობიანად და ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდეს“.

ივანიშვილმა ეს განცხადება პრესკონფერენციაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც მას სთხოვეს კომენტარი გაზეთ „ალიაში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ცდილობდა დაერწმუნებინა კრემლი, რომ ივანიშვილი სოჭში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩაშლას ეცდებოდა. „სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას? კარგია“, – განაცხადა ივანიშვილმა ღიმილით და დასძინა, რომ იგი არ გამორიცხავს, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება მართლაც ახორციელებს ამგვარ მცდელობებს. „ეს არასერიოზული განცხადებაა, მაგრამ რახან გაცხადდა, მე მაინც პასუხს გავცემ: რა თქმა უნდა, არაფერ შუაში არ ვართ და მსგავსი რამ არ განგვიხილავს“.

მართალია პრეზიდენტ სააკაშვილს პირდაპირ არასდროს უთქვამს, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადას ბოიკოტი უნდა გამოუცხადოს, მაგრამ იგი ყოველთვის მიანიაშნებდა, რომ 2014 წლის ოლიმპიადის ადგილი პრობლემური იყო.

„ეს უზარმაზარ პრობლემას წარმოადგენს, ვინაიდან ოლიმპიადის ადგილიდან რამოდენიმე კილომეტრში რუსეთმა ოფიციალურად, პოლიტიკურ დონეზე მოახდინა ეთნიკური წმენდის ლეგალიზება [აფხაზეთში],“ – განაცხადა სააკაშვილმა 2011 წლის თებერვალში, „ამ თვალსაზრისით, მათ აქვთ პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემა ჩვენ არ შეგვიქმნია. მოხარული ვიქნებით, თუ ამ პრობლემას რუსეთთან ერთობლივი ძალისხმევით მოვაგვარებთ“.

2011 წლის ოქტომბერში ჩეხეთის საინფორმაციო არხთან ČT24 ინტერვიუში, კითხვაზე გამოუცხადებდა თუ არა საქართველო ბოიკოტს სოჭის ოლიმპიადას, სააკაშვილმა უპასუხა, რომ ეს არა მისი, არამედ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის გადასაწყვეტია.

თუმცა, მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ სოჭი აფხაზეთის გვერდითაა, სადაც ეთნიკური წმენდა განხორციელდა და დასძინა: „ეს ის ადგილიცაა, სადაც ჩერქეზთა გენოციდი განხორციელდა“.

შარშან საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც რუსეთის იმპერიაში მე–19 საუკუნეში ჩერქეზი ხალხის მასობრივი დეპორტაცია და მკვლელობები „გენოციდად“ აღიარა.

კითხვაზე, როგორი იყო მისი პირადი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში, სააკაშვილმა პირდაპირი პასუხი არ გასცა, განაცხადა რა, რომ ჯერ ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ რა მოხდება 2014 წლისთვის.

საქართველოს თავად სურდა, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის ბორჯომსა და ბაკურიანში ემასპინძლა. თუმცა, მას შემდეგ რაც მას ამ განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2007 წლის თებერვალში განაცხადა, რომ საქართველო სოჭთან დაკავშირებით რუსეთის განაცხადს უჭერდა მხარს.

სააკაშვილმა განაცხადა 2011 წლის თებერვალში, რომ საქართველომ "ღიად და დიდი ენთუზიაზმით“ დაუჭირა მხარი სოჭში 2014 წელს ოლიმპიური თამაშების ჩატარებას, "რადგანაც მე მიმაჩნდა, რომ ეს დაგვეხმარებოდა თავიდან აგვეცილებინა ის უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც უკვე შეინიშნებოდა იმ დროს, განსაკუთრებით აფხაზეთთან, ანუ ჩვენს ტერიტორიასთან მიმართებაში“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button