ახალი ამბები

სააკაშვილის თქმით, ‘გარდამავალი პერიოდი’ არ უნდა აისახოს მოქალაქეების ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე

პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამართალდამცავებს მოუწოდა „იმუშაონ როგორც ყოველთვის"  და ხელისუფლების გადაბარების „გარდამავალ პერიოდში“ უზრუნველყონ ქვეყანაში კანონიერება და წესრიგის დაცვა.

თავის სატელევიზიო თათბირზე, რომელიც მან შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ეკა ზღულაძესთან და მთავარ პროკურორთან მურთაზ ზოდელავასთან გამართა, განაცხადა, რომ მოქმედი ხელმძღვანელების პასუხისმგებლობაა „არ დაუშვას არცერთ გარემოებაში წესრიგის და კანონიერების მოშლა“.

„ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ ეს სიტუაცია ვინმემ ააფეთქოს  – ჩვენ, თქვენ და რა თქმა უნდა ქართულმა საზოგადოებამ და ყველა პასუხისმგებელმა პოლიტიკურმა ძალამ“, – განაცხადა მან.

„ჩვენ მოვიქეცით, როგორც პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა, იმედია ჩვენი პარტნიორებიც მოიქცევიან ახლა“, – აღნიშნა სააკაშვილმა არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ მისამართით.

„ახლა წინასაარჩევნო კამპანია დამთავრდა, აღარ არის რიტორიკის და დაპირისპირებების დრო“, – განაგრძო მან, „ჩვენ ვთქვით რაც ვთქვით, კონკრეტულად კი, ვაღიარეთ არჩევნების შედეგები. ყველამ უნდა პატივი ვცეთ კონსტიტუციას, ზოგადად,  და ყველა კანონს უკლებლივ“.

მისი თქმით, მთავრობის გადაბარება „კონსტიტუციის ფარგლებში და კონსტიტუციური წესრიგის პირობებში მოხდება“.

„ეს არის დიდი მონაპოვარი ჩვენი დემოკრატიის, მაგრამ ამავე დროს ეს საერთოდ არაფერ კავშირში არ არის და არ უნდა აისახოს მოქალაქეების ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე“, – განაცხად მან.

სააკაშვილმა ასევე ახსენა „კანონიერი ქურდები“, რომელთა დაბრუნების შესაძლებლობაზე  ნაციონალური მოძრაობა წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხშირად მიუთითებდა იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილის კოალიცია მოვიდოდა ხელისუფლებაში.

„მკაცრად უნდა გავაკონტროლოთ, რომ კანონიერმა ქურდებმა არ გადმოკვეთონ სახელმწიფო საზღვარი – საქართველო კანონმდებლობით კანონიერი ქურდობა ისჯება სისხლის სამართლებრივად“, – თქვა მან, „მე დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიის პირობებში მათი დრო არასოდეს არ დადგება, კანონის უზენაესობის პირობებში ისინი ვერასოდეს ვერ გაბატონდებიან ჩვენ ქუჩებში და ეზოებში“.

„ძარცვები, დაყაჩაღებები, მანქანის გატაცებები, სხვა ტიპის ძალადობრივი გამოვლინებები უნდა აღიკვეთოს, როგორც ყოველთვის იყო აღკვეთილი ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button