
Fitch: ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა პოზიტიურია, თუმცა ჩნდება გაურკვევლობები
საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ინსტიტუტებზე, თუმცა ამავე დროს შესაძლოა მისი ნაწილობრივ ნიველირება მოხდეს პოლიტიკაში გაურკვევლობის ზრდის გამო, განაცხადა სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings-მა 5 ოქტომბერს.
Fitch Ratings-მა, რომელმაც 2011 წლის დეკემბერში საქართველოს საკრედიტო რეიტინგი ‘BB-‘ სტაბილურამდე გაზარდა, რაც სამი საფეხურით ჩამოუვარდება ე.წ. ‘საინვესტიციო დონის’ რეიტინგს, განაცხადა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული წინასაარჩევნო განცხადებები „არ იძლევა იმის საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ეკონომიკურ, საფინანსო ან დიპლომატიურ პოლიტიკაში რაიმე მოულოდნელი ცვლილებებია მოსალოდნელი“.
თუმცა, სარეიტინგო კომპანია ასევე ასახელებს მთელ რიგ ფაქტორებს, რომელთაც შესაძლოა გაურკვევლობა გამოიწვიონ; ერთ–ერთი მათგანია მომავალი საქმიანი ურთიერთობები „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პრემიერ–მინისტრობას აპირებს და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის; მიხეილ სააკაშვილი, არსებული კონსტიტუციით, 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რჩება პოსტზე. Fitch-ის თანახმად, ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის სამუშაო ურთიერთობაში არსებულმა ნებისმიერმა დაძაბულობამ შესაძლოა პოლიტიკაში გაურკვევლობა გაზარდოს.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელზეც სარეიტინგო კომპანია ამახვილებს ყურადღებას, თავად კოალიცია „ქართული ოცნებაა“, რომელიც ივანიშვილის გარშემო გაერთიანებული ექვსი სხვადასხვა პარტიისგან შედგება. „თუ "ქართული ოცნების" შიგნით გაჩნდება უთანხმოებები, ამანაც შესაძლოა გაზარდოს გაურკვევლობა პოლიტიკაში“, – აცხადებს სარეიტინგო კომპანია.
„ამრიგად, სანამ დეტალური პოლიტიკა შემუშავდება ახალი მთავრობის დანიშვნის შემდეგ, ჯერჯერობით არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა ჩამოშორდება ბოლო წლების იმ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებიც ხელს უწყობდნენ ზრდის უზრუნველყოფას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წარმატებულ მოზიდვას. ამავე დროს, შესაძლოა მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდეს ეკონომიკური ზრდის სარგებლის გადანაწილებაზე უმუშევრობის და სიღარიბის ჯერ კიდევ მაღალ დონესთან ბრძოლის მიზნით“, – განაცხადა Fitch Ratings–მა.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განაცხადა 5 ოქტომბერს, რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტი. დღეს ინფლაცია არის კონტროლირებადი. გაცვლითი კურსი არის სტაბილური. ჩვენი საბანკო სისტემა არის ძალიან ჯანსაღი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს 3 მილიარდ დოლარამდე ისტორიულად მაქსიმუმი რეზერვები, რომელიც წარმოადგენს საკმარის ბალიშს ნებისმიერი შესაძლო შოკის აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ქადაგიძემ. „მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს და ვერც შეიძლება არსებობდეს. საქართველოს ეროვნული ბანკი, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, არის და ყოველთვის იქნება გარანტი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)