პატიმრების წამების საქმეს ‘დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი’ გამოიძიებს
სასჯელაღსრულების ახალმა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ მომდევნო ათ დღეში შეიქმნება „დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი“, რომელსაც „ფართო მანდატი“ ექნება და რომელიც გამოიძიებს ადამიანის უფლებათა დარღვევევის „ყველა ფაქტს“, რომელსაც სასჯელაღსრულების სისტემაში „ბოლო წლების განმავლობაში“ ჰქონდა ადილი.
„მე გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტს და მივიღე მისგან სრული თანხმობა და ათი დღის განმავლობაში ჩვენ დავაკომპლექტებთ ეფექტურ დამოუკიდებელ საგამოძიებო ჯგუფს“, – განაცხადა ტუღუშმა 25 სექტემბერს.
მისი თქმით, ჯგუფის შემადგენლობაში შევლენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი (მოქმედი პარლამენტის უფლებამოსილება 1ოქტომბერს არჩეული ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან წყდება); ასევე სასჯელაღსრულების მინისტრი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი; ადვოკატი; პროკურორი; შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ტუღუშმა ასევე განაცხადა, რომ მოწვეული იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები და კონსულტანტები, რომლებიც „მოგვეხმარებიან დამნაშავეების როგორც გამოვლენაში, ასევე დასჯაში“.
მან ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო ჯგუფის საქმიანობას სახელმწიფო დააფინანსებს და მას „მიეცემა საკმაოდ ფართო მანდატი“, რათა თავად აწარმოოს მოკვლევა მთელ რიგ დაწესებულებებში და „დაუბრკოლებლად შეხვდეს იმ პირებს, რომლებიც მათი ინტერესის საგანი იქნებიან, ასევე მიიღონ ახსნა–განმარტებები როგორც სავარაუდო მსხვერპლისა, ისე მოწმეებისა და სავარაუდო სამართალდამრღვევებისგან“. ტუღუშის თქმით, ჯგუფს ექნება უფლებამოსილება მოითხოვოს უფლებამოსილების შეჩერება რომელიმე საჯარო მოხელისთვის და „ეს, რა თქმა უნდა, იქნება დაკმაყოფილებული“.
შემდეგ საგამოძიებო ჯგუფის მასალები მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნება, რომელიც დაიწყებს იმ პირთა სისხლის სამართლებრივ დევნას, რომლებიც გამოძიების პროცესში გამოვლინდებიან, განაცხადა ტუღუშმა.
„აუცილებელია ის, რომ არც ერთი პირი არ დარჩეს დაუსჯელი“, – განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა.
მისი თქმით, მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მან პატიმართა წამების და არაადამიანური მოპყრობის არა ერთი მტკიცებულება მოიპოვა, გარდა იმისა, რაც გლდანის საპყრობილეში გამოვლინდა.
„ალბათ რთულია წარმოიდგინო რა შეიძლება იყოს იმაზე მძიმე, რაც ჩვენ უკვე ვიხილეთ, თუმცა მე არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც მსგავსს შეიძლება ჰქონოდა სასჯელაღსრულების სისტემაში ადგილი“, – განაცხადა ტუღუშმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)