PACE–ს თანამომხსენებლები „ქართული ოცნების“ საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ
საქართველოს საკითხებზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა შეშფოთება გამოხატეს ოპოზიციურ კოალიციაში „ქართული ოცნება“ შემავალი პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გამო და განაცხადეს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაკისრებული „არაპროპორციული ჯარიმები, ფაქტობრივად, ძირს უთხრის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას“.
ორმა თანამომხსენებელმა, მაიკლ იენსენმა დანიიდან და ბორის სილევიჩმა ლატვიიდან აღნიშნეს 21 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში, რომ „ქართული ოცნების“ საბანკო ანგარიშების დაყადაღება აფერხებს ოპოზიციური კოალიციის მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაკისრებული გადაჭარბებული და არაპროპორციული ჯარიმები ფაქტობრივად ძირს უთხრის ოპოზიციური პარტიის ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ეს შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით კი იმ ფონზე, რომ არსებობს არაერთი ბრალდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიკერძოების შესახებ და ასევე სანდო ორგანიზაციების, როგორიცაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ცნობები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამ საკითხებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობას“, – აცხადებენ თანამომხსენებლები.
„საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონმდებლობის არსი ის არის, რომ უზრუნველყოს თანაბარი პირობები ყველა საარჩევნო სუბიექტისთვის და არა ის, რომ რომელიმე პარტია საარჩევნო მარათონიდან იქნას გაძევებული.“
„მომავალი არჩევნები და მისი დემოკრატიულად ჩატარება გადამწყვეტია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს და უზრუნველყოს, რომ ყველა პარტიამ, მათ შორის კოალიციამ „ქართული ოცნება“, შეძლოს საარჩევნო კამპანიაში სრულფასოვანი მონაწილეობა“, –ნათქვამია განცხადებაში.
PACE–ს ორი თანამომხსენებელი საქართველოში ვიზიტს 11–12 სექტემბერს გეგმავს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის ფარგლებში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)