skip to content
ახალი ამბები

„მაესტროს“ სატელიტური ანტენების დაყადაღების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

პარლამენტის წინ 25 ივლისს ჟურნალისტების და მედია საშუალებების ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ ათასობით დაყადაღებული სატელიტური ანტენის დაბრუნებას ითხოვდნენ.

აქციაზე რამდენიმე მონაწილეს ერთჯერადი თეფშები ეკავა ხელში „მაესტროს“ ლოგოთი, სხვებს კი ბანერები სატელიტური თეფშების გამოსახულებით, რომლებზეც იყო წარწერა "იძებნება".

დაახლოებით 10 000 სატელიტური ანტენა, რომელთა დამონტაჟებასაც „მაესტრო“ აუდიტორიის გაფართოვების მიზნით რაიონებში აპირებდა, თვის დასაწყისში მას შემდეგ დააყადაღეს, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ მას „საკმარისი მტკიცებულება“ გააჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომ „მაესტროს“ ბიძინა ივანიშვილთან ასოცირებულ კომპანიებთან „თვალთმაქცური გარიგება“ ჰქონდა ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის მიზნით. მთავარმა პროკურატურამ განაცხადა, რომ „მაესტრო“ ივანიშვილთან ასოცირებული კომპანიების სახელით მოქმედებდა, რომელსაც შემოტანილი სატელიტური ანტენები „ამომრჩეველთა მოსყიდვის“ მიზნით უნდა დაერიგებინა. „მაესტროს“ მიერ შემოტანილი ახალი ანტენების პარტია ხელისუფლებამ 22 ივლისს ისევ დააყადაღა. „მაესტრომ“ კატეგორიულად უარყო რაიმე კავშირი ივანიშვილთან და მის კომპანიებთან.

მედია ორგანიზაციების ჯგუფმა კამპანია დაიწყო, რომლის ფარგლებშიც ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას დააბრუნოს დაყადაღებული ანტენები. ისინი გმობენ ქონების ჩამორთმევას, როგორც ხელისუფლების მცდელობას შეაფერხოს საზოგადოების მიერ ინფორმაციის განსხვავებული წყაროს ხელმისაწვდომობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button