
ცაიშის ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული
პრეზიდენტი სააკაშვილი 24 ივლისს სამეგრელოს რეგიონს სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა რაიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავდა.
სოფელ ცაიშში მცხოვრებ ხანშიშესულ ქალბატონს ასევე სურდა პრეზიდენტთან შეხვედრაზე დასწრება, თუმცა სააკაშვილის დაცვამ და პოლიციამ, რომელსაც გარშემორტყმული ჰქონდა ის ადგილი, სადაც პრეზიდენტის მოსახლეობასთან შეხვედრა იყო დაგეგმილი, არ მისცა მას უფლება შეხვედრის მონაწილეებს შეერთებოდა.
როდესაც ქალბატონი ჟურნალისტებს უყვებოდა, რომ მას პრეზიდენტთან შეხვედრა სურდა, რათა მისთვის თავისი გაჭირვების შესახებ ეამბო, ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა მას ხელი ჩაავლო და ძალით გაიყვანა შეხვედრის ადგილიდან. მოგვიანებით, მან უთხრა ჟურნალისტებს, რომ შეხვედრის ადგილიდან გაყვანის შემდეგ ის ახლომდებარე სახლის სარდაფში ჩაკეტეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 25 ივლისს, რომ სოფელ ცაიშში მცხოვრები ბაკურ მალიშავა და გია გუგუჩია, რომელთაც „შეურაცხოფა“ მიაყენეს როზა წყაბელიას, დააკავეს და 15–დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
შსს–მ ასევე განაცხადა, რომ სამსახურიდან დაითხოვა ზუგდიდის სამხარეო მთავარი სამმართველოს საუბნო განყოფილების უფროსი გელა ნარუშვილი, რომელიც შეესწრო აღნიშნულ ფაქტს, არ გაითვალისწინა კანონით მასზედ დაკისრებული მოვალეობა და არ აღკვეთა ფაქტი.
22 ივლისს ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ ადგილობრივი აქტივისტი დააკავეს მას შემდეგ, რაც კახეთის სოფელ ვაჩნაძიანში ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ იქ ინციდენტი მოხდა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა სოფელი დატოვა, მის მხარდამჭერებსა და ადგილობრივი ადმინისტრაციის თანამშრომელ ქალს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამ უკანასკნელმა ივანიშვილს „ნაბიჭვარი“ უწოდა; „ქართული ოცნების“ აქტივისტმა გიორგი ნატროშვილმა მას სახეში დაარტყა; ცოტა ხნის შემდეგ ნატროშვილი დააკავეს, ხოლო ორი დღის შემდეგ მას 30–დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)