ბაქრაძე: პარლამენტის შენობის ყიდვით რამდენიმე საინვესტიციო ჯგუფია დაინტერესებული
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე საინვესტიციო ჯგუფია დაინტერესებული თბილისში პარლამენტის შენობის შეძენით, სადაც ამჟამად ქუთაისში გადასვლის პროცესი მიმდინარეობს.
„ეს ეხება უცხოურ საინვესტიციო ჯგუფებსაც და ქართულებსაც“, – განაცხადა მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე და დასძინა, რომ ამ საკითხზე „მოლაპარაკებებსაც და გადაწყვეტილებებსაც თავის დროზე წარმართავს და ამის შესახებ გაცნობებთ ეკონომიკის სამინისტრო“.
ეს განცხადება ბაქრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რას უკავშირდებოდა პარლამენტის ნივთებისგან დაცლის ამ კვირაში მოულოდნელად დაწყებული პროცესი.
პარლამენტის თანამშრომლების თქმით, მათ ხელმძღვანელობისაგან მიიღეს მითითება, რომ მომავალ ორშაბათამდე პირადი ნივთებისგან დაცალონ შენობა და ეს პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული.
დავით ბაქრაძემ განმარტა, რომ პარლამენტი არის გადასვლის შრომატევად და ხანგრძლივ პროცესში, ვინაიდან ოქტომბრიდან ახალმა პარლამენტმა უნდა დაიწყოს მუშაობა ქუთაისში.
„რაც შეეხება თანამშრომლებს და დეპუტატებს, ბუნებრივია, მათ არავინ აძალებს შენობის დატოვებას. ისინი ჩვეულებრივად დარჩებიან და მათი გადასვლა მოხდება, რაც გადავა პარლამენტი [ქუთაისში]“, – განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ დიდი ალბათობით საშემოდგომო სესია აღარ გაიმართება, ვინაიდან არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პარლამენტი მუშაობას წყვეტს.
„თუ არჩევნები იქნა ოქტომბრის დასაწყისში, პირველ დეკადაში, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რეალურად, რეგლამენტიდან გამომდინარე, ჩვენ საშემოდგომო სესიის სხდომები არ გვექნება, თუმცა რომც იყოს, პრობლემა არ არის“, – განაცხადა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ გადასვლის რეჟიმი სხდომების გამართვას ხელს არ შეუშლის და დასძინა, რომ მორიგი ასეთი საგანგებო სხდომა მომავალ კვირას იგეგმება იმ საბიუჯეტო ცვილილებების დასამტკიცებლად, რომელიც გუშინ მომხდარი სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას უკავშირდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)