skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტის მიერ 4 ივლისს ბიუჯეტში დამტკიცებული ცვლილებების შედეგად, 950 ათასი ლარი გამოიყო დასაქმების საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრის 30 კაციანი აპარატისთვის.

სახელმწიფო მინისტრის ეს თანამდებობა, რომელიც პაატა ტრაპაიძემ, სამშენებლო კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ ყოფილმა დირექტორმა დაიკავა და რომელიც დასაქმების პრობლემების მოგვარებაზე იქნება ორიენტირებული, სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში შეიქმნა მინისტრთა კაბინეტში. 

განახლებული მინისტრთა კაბინეტი პრემიერ–მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ახალ სამთავრობო პროგრამასთან ერთად ასევე 4 ივლისს დაამტკიცა პარლამენტმა.   

ამასთან, პარლამენტმა 5 ივლისს მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილებები მთავრობის საქმიანობის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, უქმდება მთავრობის კანცელარიის უფროსის თანამდებობა და კანცელარიას უშუალოდ პრემიერ–მინისტრი უხელმძღვანელებს.

ამავე ცვლილებების თანახმად, პრემიერ–მინისტრს შეეძლება, რომ ზოგიერთი მისი უფლებამოსილების დელეგირება მოახდინოს „მის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებზე“, მათ შორის ისეთ საკითხებში, როგორიცაა რეგიონული პოლიტიკის განხორციელების და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან მთავრობის ურთიერთობის კოორდინირება და ასევე ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტის, ბრძანების გამოცემა.

ცვლილებების თანახმად, გაუქმდა მთავრობის სხდომაზე მინისტრის პირადად დასწრების ვალდებულება, ასევე მთავრობის სხდომის უფლებამოსილად ცნობისათვის მასზე სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის დასწრების საჭიროება და გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმი. მთავრობის მუშაობის წესს, ცვლილებების თანახმად, პრემიერ–მინისტრის მიერ წარდგენილი რეგლამენტით მთავრობა თავად დაარეგულირებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ უარყოფითად აფასებს სამთავრობო გადაწყვეტილებების მიღების წესის რეგლამენტით დარეგულირების საკითხს და არა კანონით, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ორგანიზაციის შეფასებით, აღნიშნული ცვლილებები "მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის დასუსტებისკენ გადადგმული ნაბიჯია" და "შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს კონსტიტუციურ ნორმას". 

"როდესაც მოქმედი კონსტიტუცია ისედაც მცირედ მოიცავს მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებს, აღნიშნული ცვლილებით კიდევ უფრო კნინდება პარლამენტის როლი მთავრობისათვის გადაწყვეტილების მიღების წესების დადგენის გზით გააკონტროლოს მისი საქმიანობა", – აცხადებს საია.

Back to top button