ახალი ამბები

26 მაისისთვის ქუთაისში პარლამენტის არა მთლიანი შენობა, არამედ მისი ნაწილი იქნება დასრულებული


ქუთაისში ახალი პარლამენტის მშენებლობის პროცესი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოზე, რომელიც 30 აპრილით არის დათარიღებული. 

26 მაისისთვის ქუთაისში ახალი პარლამენტის არა მთლიანი შენობა, არამედ მხოლოდ მისი სხდომათა დარბაზის მშენებლობა იქნება დასრულებული, განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა, პარლამენტის ვიცე–სპიკერმა მმართველი პარტიიდან. 

პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში პრეზიდენტის ინიციატივით დამოუკიდებლობის დღეს პირველად უნდა გაიმართოს.

„26 მაისს ჩვენ პარლამენტის შენობის მშენებლობას ვერ ვასრულებთ, ვასრულებთ მხოლოდ დარბაზის ნაწილს და ეს ყველასთვის ცნობილია“, – განუცხადა მაჭავარიანმა კოლეგებს პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

მშენებლობის გეგმის მიხედვით, რომელიც, მისი თქმით, „წინსწრებით“ სრულდება, „ძალიან კომფორტული“ პლენარული დარბაზის მოპირკეთება უკვე დასრულებულია. „ამიტომ იქ რამე არაორდინალური და მოსასწრები არ ხდება“, – აღნიშნა ვიცე–სპიკერმა.  

მან ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დეპუტატმა ოპოზიციური ფრაქციიდან „ერთობა სამართლიანობისათვის“ დიმიტრი ლორთქიფანიძემ კოლეგები უმრავლესობიდან გააფრთხილა იმ შესაძლო საფრთხის შესახებ, რაც დაუმთავრებელ და დაჩქარებული ტემპებით მშენებარე შენობაში სხდომის გამართვით შეიძლება შეიქმნას. 

მისი თქმით, „აჩქარებამ“ ერთხელ უკვე გამოიწვია დედა–შვილის მსხვერპლი, როცა 2009 წლის დეკემბერში ქუთაისში პარლამენტის ახალი შენობის ადგილის მოსამზადებლად  ხელისუფლებამ "დიდების მემორიალი“ ააფეთქა. "აჩქარების" კონტექსტში ლორთქიფანიძემ ასევე ახსენა პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო განცხადება, რომ მშენებლობის დაუმთავრებლობის გამო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს პასუხისგება მოუწევს.

5 მაისს ბათუმში სტუდენტებთან შეხვედრაზე სააკაშვილმა განაცხადა: „პარლამენტი რომ არ დაამთავრონ მერე ალბათ შეიძლება რამაზ ნიკოლაიშვილს ინფაქტი დაემართოს ან… ძალიან ბევრმა ადამიანმა თავის თავით აგოს ამაზე პასუხი“.

პარლამენტმა უკვე მიიღო ცვლილებები რეგლამენტში, რომელიც მაისიდან პლენარული სხდომების გამართვას შესაძლებელს ხდის როგორც თბილისში, ისე ქუთაისში. ამჟამად, დეპუტატების იხილავენ რეგლამენტში კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება „საზეიმო სხდომის“ გამართვა.

ქრისტიან–დემოკრატების ფრაქციამ საპარლამენტო უმცირესობიდან, ისევე როგორც დეპუტატებმა ფრაქცია „ერთობა სამართლიანობიდან“ განაცხადეს, რომ ისინი 26 მაისს ქუთაისში დაგეგმილ პარლამენტის სხდომაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

„ეს იქნება პიარ–დანიშნულებით გამართული თავყრილობა, რომელშიც მონაწილეობის აზრსაც ჩვენ ვერ ვხედავთ“, – განაცხადა დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატებიდან ნიკა ლალიაშვილმა. 

პარლამენტი დედაქალაქიდან ქუთაისში სრულად 2012 წლის ოქტომბერში ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს არჩევის შემდეგ გადავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button