
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს ახალი პრემიერ–მინისტრი ჰყავს
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად როსტიკ ხუგაევი დაინიშნა ვადიმ ბროვცევის ნაცვლად, იტყობინება ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“.
რეგიონის ახლად არჩეულმა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა შესაბამის საკადრო გადაწყვეტილებას 25 აპრილს მოაწერა ხელი. მან ასევე დაავალა ახალ პრემიერს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების სტრუქტურა წარადგინოს დასამტკიცებლად. დე ფაქტო მინისტრები რეგიონის ახალი ლიდერის არჩევის შემდეგ მოვალეობის შესრულების რეჟიმში მუშაობენ მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
ზნაურის რაიონში დაბადებული, 60 წლის როსტიკ ხუგაევი სამშენებლო სფეროს წარმომადგენელია, რომელიც, ძირითადად, რუსეთში მუშაობდა და ბოლო დრომდე სამშენებლო კომპანიების ჯგუფის „ამონდის“ იურიდიულ პირთა ასოციაციის პრეზიდენტი იყო. მას პოლიტიკურ თანამდებობაზე არასდროს უმუშავია, თუმცა ხელმძღვანელობდა სამარის ოლქში მოქმედ ოსურ ნაციონალურ–კულტურულ ცენტრს „ალანია“.
მისი წინამორბედი ვადიმ ბროვცევი, რომელიც ცხინვალის რეგიონის მკვიდრი არ იყო და რუსეთმა იქ მთავრობის ხელმძღვანელის რანგში 2009 წლის გაზაფხულზე გააგზავნა, ბოლო ოთხი თვის განმავლობაში სეპარატისტული რეგიონის პრეზიდენტის მოვალეობასაც ასრულებდა რეგიონის ახალ ლიდერად ლეონიდ თიბილოვის არჩევამდე.