ახალი ამბები

სეპარატისტული აფხაზეთი პარლამენტს ირჩევს

სეპარატისტული აფხაზეთის ამომრჩევლები 10 მარტს 35–წევრიან პარლამენტს ირჩევენ.

174 საარჩევნო უბანი გაიხსნა შაბათს დილით სეპარატისტულ რეგიონში, სადაც საკანონმდებლო ორგანოს ხუთწლიანი ვადით ირჩევენ.

სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანო მაჟორიტარული სისტემის საფუძველზე ირჩევა.

სეპარატისტული აფხაზეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც აფხაზეთი აღიარეს.
 
სეპარატისტული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში სულ 148 კანდიდატი მონაწილეობს, მათ შორის 16 ქალი და 21 მოქმედი დეპუტატი.

მხოლოდ 34 კანდიდატი იქნა წარდგენილი პოლიტიკური პარტიების მიერ, დანარჩენი კი „დამოუკიდებელი კანდიდატები“ არიან, რომლებიც „საინიციატივო ჯგუფებმა“ წარადგინეს ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში.

მმართველმა პარტიამ „ერთიანმა აფხაზეთმა“ და ოპოზიციურმა „აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმმა“, რომელსაც რაულ ხაჯიმბა ხელმძღვანელობს, 11–11 კანდიდატი წარადგინეს.

ეკონომიკური განვითარების პარტიამ, რომელსაც ბესლან ბუთბა ხელმძღვანელობს, ექვსი კანდიდატი წარადგინა; ასევე ექვსი კანდიდატი მონაწილეობს არჩევნებში კომუნისტური პარტიიდან.

სეპარატისტული რეგიონის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, კანდიდატებს შორის ორი ეთნიკური ქართველია, იტყობინება „აფსნიპრესი“. ამავე ინფორმაციით, 125 კანდიდატი ეთნიკური აფხაზი; ცხრა კანდიდატი – ეთნიკური სომეხი; რვა – რუსი; ორი – ბერძენი, ერთი ოსი და ერთიც ყაბარდოელია.         

საპარლამენტო არჩევნები, დაახლოებით, შვიდ თვეში ტარდება მას შემდეგ, რაც სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა და დაახლოებით, სამ კვირაში მას შემდეგ, რაც ანქვაბზე თავდასხმა განხორციელდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ანქვაბზე თავდასხმა აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების წინ სიტუაციის დესტაბილიზაციას ისახავდა მიზნად. თუმცა, თავად ანქვაბმა 22 თებერვალს მასზე განხორციელებული თავდასხმის შესაძლო ორგანიზატორებზე კომენტირებისას, „მაფიასა და კრიმინალურ ჯგუფებზე“ და ამ ჯგუფებთან დაახლოებულ „პოლიტიკურ წრეებზე“ ისაუბრა.

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აფხაზეთის ამომრჩევლებმა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა.

„აფსნიპრესის“ ინფორმაციით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთში 74 135 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა 90.9%–მაც ხმა ვლადიმერ პუტინს მისცა.    

 

Back to top button