ახალი ამბები

ლავროვი ნატოს აკრიტიკებს საქართველოს ‘ასპირანტ ქვეყნად’ მოხსენიების გამო


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 8 დეკემბერს ბრიუსელში ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. ფოტო: ნატო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ ერთობლივ განცხადებაში საქართველოს „ასპირანტი“ ქვეყანა უწოდეს.

ბრიუსელში 7 დეკემბერს გამართული ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში წერია: „მივესალმებით ჩვენი ასპირანტი ქვეყნების – იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონიის, მონტენეგროს, ბოსნია და ჰერცეგოვინას და საქართველოს მხარდაჭერას, რომელიც მათ ნატოს აღმოუჩინეს“.

ბრიუსელში 8 დეკემბერს ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე საუბრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მან „გულწრფელად გააფრთხილა“ თავისი კოლეგები ალიანსიდან, რომ ამგვარმა განცხადებებმა, შესაძლოა, პრეზიდენტი სააკაშვილი წააქეზოს იმისკენ, რომ „2008 წლის აგვისტოს მსგავსი ავანტიურა“ განახორციელოს. 

„მე შევამჩნიე, რომ გუშინდელი კომუნიკე, რომელიც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს, შეიცავს ტერმინს „ასპირანტი ქვეყნები“ და მათ შორის საქართველოცაა დასახელებული. მე გულწრფელად გავაფრთხილე ჩვენი კოლეგები, რომ ისევ არ უბიძგონ ნებსით თუ უნებლიედ საქართველოს არსებულ რეჟიმს 2008 წლის აგვისტოს ავანტიურის მაგვარი ქმედებისკენ… ეს [ნატოს 2008 წლის აპრილის] ბუქარესტის სამიტიდან მალე მოხდა, სადაც უაპელაციოდ ჩაიწერა, რომ საქართველო იქნება ნატოში“, – განაცხადა ლავროვმა.

„პატარა ეჭვიც კი არ მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკის გათვალისწინებით, ამან ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის მიერ იმ უგუნური გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც მან მიიღო. ამიტომ, მე იმედი გამოვთქვი, რომ ნატოს წარმომადგენლები პასუხისმგებლობით მიუდგებიან იმგვარი მოვლენების წაქეზებას, როგორიც იყო 2008 წლის მოვლენები რეგიონში, რომელიც სტრატეგიულია არა მარტო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, არამედ რუსეთის ფედერაციისთვისაც, იქ ჩვენი უახლოესი მოკავშირეები და მეზობლები ცხოვრობენ. იმედი მაქვს, რომ ჩემი გაიგონეს“, – განაცხადა ლავროვმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევრო–ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე მიესალმა ნატოს განცხადებაში ამგვარ ფორმულირებას და აღნიშნა, რომ ”საქართველო პირველად ნატოს ოფიციალურ დოკუმენტში არის აყვანილი ნატოში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსში”.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა 8 დეკემბერს ბრიუსელიდან გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაში, რომ ბუნებრივია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებამ „საშინელი გაღიზიანება გამოიწვია რუსეთის ფედერაციის, რაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმაც დაადასტურა“.

„რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს ნაფტალინიდან ამოღებული პროპაგანდისტული თეზისი ამოეღო, რომ ვითომდაც ბუქარესტის გადაწყვეტილებამ ომისკენ უბიძგა, რაც სრული აბსურდი და სრული ტყუილია“, – განაცხადა ვაშაძემ.

7 დეკემბერს ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სხვა საკითხებთნ ერთად ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს ოთხი ქვეყნისთვის – მაკედონიისთვის, მონტენეგროსთვის, ბოსნიასა და საქართველოსთვის – ალიანსის კარის ღიად დატოვების მნიშვნელობა. ოთხივე ქვეყანა ნატოში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.

„ჩვენ ამ ქვეყნებისთვის ნატოს წევრობის კარის ღიად დატოვების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ და ასევე ჩიკაგოს სამიტის გამოყენებაზე, რომ გაიგზავნოს სიგნალი იმასთან დაკავშირებით, თუ რისი გაკეთება სჭირდებათ, რათა წევრები გახდნენ“, – განაცხადა აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განაცხადეს 7 დეკემბრის განცხადებაში, რომ რუსეთთან თანამშრომლობას კვლავ „სტრატეგიული მნიშვნელობა“ აქვს.

„მიუხედავად სხვადასხვაობისა კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე და რუსეთის 2008 წლის ვალდებულებებზე, ჩვენ საზიარო ინტერესები გვაქვს უსაფრთხოების სფეროში და საერთო გამოწვევების წინაშე ვდგავართ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ღია კარის პოლიტიკას და „ჩვენი ასპირანტი ქვეყნების ძლიერ ვალდებულებას ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ, ბუქარესტის, სტრარბუგი–კელის და ლისაბონის სამიტებზე მიღებული წინა გადაწყვეტილებების შესაბამისად“.

„დემოკრატიული ღირებულებები, რეგიონალური თანამშრომლობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რომელსაც ასპირანტმა ქვეყნებმა მიაღწიეს და მოვუწოდებთ მათ განაგრძონ საჭირო გადაწყვეტილებების და რეფორმების განხორციელება, რათა ხელი შეუწყონ თავიანთ ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებს“, – განაცხადეს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button