
აზერბაიჯანი სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის არჩევნებს ‘არ აღიარებს’
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარასკევს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის „არ აღიარებს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში 13 ნოემბერს გაიმართა“.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში, „სამინისტროს მტკიცედ სჯერა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი კონსტრუქციული გზით უნდა გაგრძელდეს კონფლიქტის მოგვარების რეალური გზების მოსაძებნად“.
როდესაც სეპარატისტულ მთიან ყარაბაღში 2011 წლის სექტემბერში არჩევნები ჩატარდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ის „არ სცნობს მთიან ყარაბაღში ჩატარებულ უკანონო ე. წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს“ და „ადასტურებს თავის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერას აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“. საქართველოს საგარეო უწყებამ ანალოგიური განცხადება სეპარატისტულ მთიან–ყარაბაღში 2010 წლის მაისში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც გააკეთა.