ახალი ამბები

ეროვნული ფორუმი „ქართველთა მარშს“ გეგმავს

ოპოზიციურმა ეროვნულმა ფორუმმა 27 სექტემბერს ერთდღიანი ფართომასშტაბიანი საპროტესტო მარშის გამართვისკენ მოუწოდა, რამაც უნდა აჩვენოს, რომ ქართველი ხალხი „არ შეეგუება“ ხელისუფლების „ანტი–ქართულ პოლიტიკას“.

პარტიამ განაცხადა, რომ ეს დღე სპეციალურად დაამთხვიეს „დიდი ქართული კატასტროფის დღეს“.

18 წლის წინ 27 სექტემბერს აფხაზურმა ძალებმა, რომელსაც მათი მოკავშირეები უჭერდნენ მხარს რუსეთიდან, თითქმის ორკვირიანი ალყის შემდეგ სოხუმი აიღეს.  აფხაზეთში 27 სექტემბერს „სოხუმის გათავისუფლების დღეს“ აღნიშნავენ, ხოლო თბილისში ეს დღე, რომელიც „სოხუმის დაცემის“ დღედ მოიხსენიება, დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მემორიალის გვირგვინებით შემკობით აღინიშნება.

ეროვნული ფორუმის ერთ–ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა 20 სექტემბერს, რომ მომდევნო სამშაბათს დაგეგმილი მარში უნდა გახდეს „სერიოზული განაცხადი ქართველი ხალხისა, რომ ჩვენ, როგორც ერი, განვაგრძობთ არსებობას, ჩვენ ვართ ერი, რომელიც აღნიშნავს თავის ეროვნულ კატასტროფას, მაგრამ ორიენტირებულია ასევე მომავალზე“.

„ამ აქციის მიზანი არის დემონსტრაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომ ჩვენ არ ვეგუებით იმ ვითარებას, რა ვითარებაშიც დღეს ჩვენი სამშობლო არის; რომ სოხუმიც და ცხინვალიც აუცილებლად იქნება საქართველოს შემადგენლობაში; რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება საქართველოს სინგაპურიზაციის სახელისუფლებო პროგრამას“, – განაცხადა სანიკიძემ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მარშის მონაწილეები 27 სექტემბერს 16:00 საათზე ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან და შემდეგ რუსთაველის გამზირის გავლით სამების საკათედრო ტაძრისკენ მოაწყობენ მსვლელობას, სადაც სოხუმში 18 წლის წინ დაღუპული გმირების მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართება.

ეროვნულმა ფორუმმა საპროტესტო მარშის გამართვის თაობაზე პირველი განცხადება 12 სექტემბერს გააკეთა, თუმცა ოპოზიციურმა პარტიებმა დიდი ენთუზიაზმი ამ ინიციატივის მიმართ არ გამოიჩინეს. გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ მის პარტიას არ ჰქონია რაიმე კონსულტაციები ამ ინიციატივასთან დაკავშირებით თავის პარტნიორებთან ექვსი ოპოზიციური პარტიის ჯგუფიდან.

მისი თქმით, ამგვარი კონსულტაციების წინასწარ გამართვის საჭიროება არ არსებობს, რადგანაც ეს არ არის ოფიციალური კოალიციური ტიპის კავშირი და ჯგუფი მხოლოდ საარჩევნო საკითხებზე თანამშრომლობს. ივლისში ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ – ეროვნულმა ფორუმმა, ჩვენი საქართველო–თავისუფალმა დემოკრატებმა, კონსერვატიულმა პარტიამ, რესპუბლიკურმა პარტიამ, საქართველოს გზამ და ხალხის პარტიამ – მიანიშნეს, რომ თანამშრომლობის გაფართოებას გეგმავდნენ და აღარ შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებით. ეროვნული ფორუმის ინიციატივას, რომელიც წინასწარ არ ყოფილა შეთანხმებული ჯგუფის სხვა წევრებთან, სპეკულაციები მოყვა პრესაში იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო თემატიკის მიღმა, ჯგუფი ვერ ახერხებდა თანამშრომლობას საკითხების სხვა ფართო სპექტრზე.

12 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, როდესაც ეს ინიციატივა პირველად გახმოვანდა, გუბაზ სანიკიძემ რამდენიმე მიზეზი დაასახელა იმისა, თუ რატომ მიაჩნდა საჭიროდ, რომ „ქართველთა მარში“ ახლა უნდა გაიმართოს. მან გააკრიტიკა პრეზიდენტ სააკაშვილის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა და აღნიშნა, რომ ის ქართული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. მან ასევე ახსენა, როგორც მან უწოდა, ქართული ენის მნიშვნელობის დაკნინების პოლიტიკა და განაცხადა, რომ საქართველოში ქართული ენა არის „დამცირებული და შეურაცხყოფილი“.

„ჩვენ თუ ასეთი ლოგიკით ვივლით, რომ აუცილებელი არის ინგლისური ენა და ქართული ენის აუცილებლობა არ არსებობს, 15–20 წელიწადში ჩვენ მივიღებთ, რომ ჯავახეთში ჩასული ქართველები იქაურ სომხურ მოსახლეობას ინგლისურად უნდა გავესაუბროთ და მარნეულში ჩასული ქართველები იქაურ აზერბაიჯანელ მოსახლეობას ინგლისურად უნდა გავესაუბროთ“, – განაცხადა სანიკიძემ.

მან ასევე მწვავედ ისაუბრა საქართველოს მიერ რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპული ქარტიის რატიფიკაციის შესახებ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ „სინანულს“ გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველომ ჯერაც არ შეასრულა ვალდებულება და რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპულ ქარტიას ხელი არ მოაწერა. რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს დოკუმენტს "შემდგომი დაყოვნების გარეშე“ მოაწეროს ხელი და მისი რატიფიცირება მოახდინოს.

„დღეს საქართველოს ყავს ანტი–ქართული და ანტი–ხალხური ხელისუფლება; სააკაშვილის ხელისუფლება არის ქართული ფასეულობის, ქართული ცხოვრების წესის საწინააღმდეგოდ მოსული ხელისუფლება“, – განაცხადა სანიკიძემ.

ეროვნულმა ფორუმმა განაცხადა, რომ დაგეგმილი მარში ვიწრო პარტიული ღონისძიება არ იქნება და მასში არც პარტიული დროშები და სხვა სიმბოლიკა არ იქნება წარმოდგენილი.

მსგავსი/Related

Back to top button