ახალი ამბები

სააკაშვილი: ამ შემოდგომაზე ძალიან სერიოზულ გარღვევას ველით ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო "ამ შემოდგომაზე ძალიან სერიოზულ გარღვევას" ელოდება ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით.

მართალია მან არ დააკონკრეტა, თუ რა მიმართულებით არსებობს ეს მოლოდინები, თუმცა განაცხადა, რომ პოლონეთში მისი ამჟამინდელი ვიზიტი, რომლის დროსაც მან შეხვედრა გამართა პოლონეთის პრემიერ–მინისტრთან დონალდ ტუსკთან, "იყო ძალიან მნიშვნელოვანი“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ, რომელსაც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქი, ვარშავა 29–30 სექტემბერს უმასპინძლებს.  

“ამიტომ მივიღე ჩვენი მეგობრის, პრემიერ-მინისტრის ტუსკის მოწვევა, რათა ჩამოვსულიყავი, რომ წინასწარ გაგვევლო სტრატეგია ერთად როგორ ვიმოქმედოთ ამ მიმართულებით", – განაცხადა მან, "პოლონელები ძალიან გვეხმარებიან, რაც არ არის გასაკვირი, რა თქმა უნდა".

“მე ვფიქრობ, რომ წლევანდელი შემოდგომა იქნება როგორც არასდროს საქართველოსთვის ევროპული შემოდგომა იმ გაგებით, რომ ჩვენ, ვფიქრობ, რომ სექტემბერ–ოქტომბერშიც,  წლის ბოლომდე გვექნება უკვე მორიგი რაღაც ნაბიჯები კი არა, მართლა გარღვევა. და აქ უკვე ყველაფერი მომწიფებულია ამ მხრივ ჩვენი მიმართულებით, რაც კარგია“, – განუცხადა მან ქართველ ჟურნალისტებს პრემიერ ტუსკთან ერთად ქუჩაში გადაადგილებისას.

Back to top button