
სააკაშვილი: ‘ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ’
საქართველომ ბოლო წლების მანძილზე „თითქმის შეუძლებელი შეძლო“ და მის მიერ მიღწეული წარმატებები „ძალიან დასაფასებელია“, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 1 აგვისტოს.
„მე ბევრს დავდივარ სხვადასხვა ქვეყნებში … ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ძალიან ადვილად შევეგუეთ იმას, რომ საქართველო ასეთი მოწესრიგებული და სუფთა ქვეყანაა, რომ აქ არ არის კორუფცია, რომ აქ ძალიან ცოტა კრიმინალია… აქ მოქალაქეებისთვის ცხოვრება გაადვილებულია და გვგონია, რომ ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ასე მსოფლიოში, პრაქტიკულად, არსად არ არის“, – განაცხადა მან.
„მინდა შეგახსენოთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მარტივი ბიუროკრატიული პროცედურები გვაქვს ჩვენ. ასევე, მსოფლიოში ყველაზე მარტივად ჩვენთან ხდება საწარმოების დარეგისტრირება. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპაში ყველაზე უსაფრთხოა და ე.ი. ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მსოფლიოში. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ აქ მთავრობასა და ხალხს შორის ურთიერთობა ერთ-ერთი ყველაზე მარტივია, ვიდრე სადმე სხვაგან მსოფლიოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.
„ყოველივე ეს საქართველოს დღევანდელმა თაობამ გააკეთა – ეს შევძელით მხოლოდ ჩვენ და ვერავინ სხვამ მსოფლიოში“, – განაცხადა მან.
„რაც მეტს დავდივარ, რაც მეტს ვხედავ, რაც მეტს ვაკვირდები, ვხვდები, რომ სწორ გზაზე ვდგავართ და გარშემო ბევრს გავუსწარით“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან ეს განცხადება ბათუმში ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემის დაწყებასთან დაკავშირებულ ცერემონიაზე გააკეთა. ახალი ბარათები მომდევნო რამდენიმე წელიწადში ძველ პირადობის მოწმობებს ჩაანაცვლებს.
ელექტრონული ბარათების გაცემა, რომლებიც ელექტრონული დოკუმენტების ციფრული ხელმოწერის საშუალებას იძლევა, 1 აგვისტოს თბილისში, ბათუმსა და რუსთავში დაიწყო. ქვეყნის სხვა ნაწილებში ახალი ელექტერონული ბარათების მიღება სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
ელექტრონული ბარათის ფასი 30–დან 65 ლარის ფარგლებში მერყეობს იმისდა მიხედვით, თუ რა ვადაში სურს მოქალაქეს მისი მიღება – მინიმალურ ფასად ბარათის მიღება განაცხადის შეტანიდან 10 დღის ვადაშია შესაძლებელი, ხოლო მაქსიმალურ ფასად – განაცხადის შეტანის დღესვე.
ელექტრონული პირადობის მოწმობების აღება სავალდებულო არ არის; ძველი პირადობის მოწმობის მფლობელს ახლის აღება მას შემდეგ შეეძლება, რაც ძველ მოწმობას ვადა ამოეწურება.
იუსტიციის სახლის წინ გამართულ ცერემონიაზე სააკაშვილმა ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები იმ რამდენიმე მოქალაქეს გადასცა, რომლებმაც პირველებმა შეიტანეს შესაბამისი განაცხადები. სააკაშვილმა განაცხადა, რომ სიმბოლურია, რომ რიგითი მოქალაქეები და არა პრეზიდენტი, ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები გახდნენ ახალი მოწმობების მფლობელები, რადგანაც ეს იმ "ფილოსოფიის" ნაწილია, რომ საქართველოს ხელისუფლება არის ხალხისთვის და არა პირიქით. მან პირადობის მოწმობების გადაცემის ფაქტს „პირდაპირი სახალხო დემოკრატიის მორიგი აქტი“ უწოდა.
„ეს ცათამბჯენები, რომლებსაც გარშემო ვხედავთ, შენდება არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ნავთობი – ჩვენ არ გვაქს ნავთობი; არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი გაზი – ჩვენ არ გვაქვს ბევრი გაზი; არა იმიტომ, რომ რომელიმეს ბებიისგან შემოგვრჩა მემკვიდრეობა (ჩემი დიდი ბებია, თავის დროს, ძალიან მდიდარი იყო, მაგრამ მემკვიდრეობა არ დაგვრჩა, რადგან კომუნისტებმა ყველაფერი ჩამოართვეს), არამედ შენდება იმიტომ, რომ ჩვენ არაკორუმპირებული, გამჭვირვალე, ეფექტიანი სახელმწიფო აპარატი შევქმენით და ისეთი დემოკრატია ჩამოვაყალიბეთ, რომელიც ხალხს ემსახურება და არა თანამდებობის პირებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.