ახალი ამბები

რუსეთი Washington Times-ის სტატიას ‘პროპაგანდისტულ ხმაურს’ უწოდებს

Washington Times-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ბრალდება რომ თბილისში აშშ–ს საელჩოსთან შარშან სექტემბერში მომხდარ აფეთქებაში რუსული სპეცსამსახურების ხელი ურევია, „პროპაგანდისტული ხმაურის“ ახალი ტალღის აგორების მცდელობაა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 28 ივლისს.

აფეთქება 2010 წლის 22 სექტემბერს აშშ–ს საელჩოს კედლიდან დაახლოებით 60 მეტრში მოხდა. პოლიციამ განაცხადა, რომ მან კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა გაანადგურა, რომელიც იმავე ადგილის სიახლოვეს იქნა ნაპოვნი. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა და არც საელჩოს კედელი დაზიანებულა.

2010 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში თბილისში კიდევ მოხდა რამდენიმე აფეთქება. ერთ–ერთი აფეთქების შედეგად ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. 2010 წლის დეკემბერში შსს–მ განაცხადა, რომ სექტემბერ–ნოემბერში საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტერორისტული აქტების განხორციელების ბრალდებით საქართველოს რამოდენიმე მოქალაქე დააკავა, რომლებიც აფხაზეთში მყოფი რუსი ოფიცრის დაკვეთით მოქმედებდნენ.

ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ თხუთმეტი პირი ტერორიზმში დამნაშავედ ცნო, რომელთა ნაწილს ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდა. რუს ოფიცერს ევგენი ბორისოვს, რომელიც თბილისის თქმით, აფეთქებების ორგანიზატორია, 30–წლიანი პატიმრობა შეეფარდა დაუსწრებლად.

21 ივლისს Washington Times-მა სტატია გამოაქვეყნა საქართველოს ბრალდებების შესახებ. რესპუბლიკელმა სენატორმა მარკ კერკმა განუცხადა გაზეთს, რომ თუ საქართველოს ბრალდებები სიმართლე იყო და თუ საელჩოსთან აფეთქებაში რუსეთის ხელი მართლა ერია ეს ”ცივი ომის შემდეგ აშშ–რუსეთის ურთიერთობებში ყველაზე სერიოზული კრიზისი იქნება და ორმხრივ ურთიერთობებში ’გადატვირთვას’ დაასრულებს“.

27 ივლისს Washington Times-მა კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ აშშ–ის დაზვერვის საიდუმლო მოხსენებაში დადგინდა, რომ აშშ–ის საელჩოს მახლობლად 22 სექტემბერს მომხდარი აფეთქების ორგანიზება რუსმა ოფიცერმა ევგენი ბორისოვმა განახორციელა.

გაზეთი ამ ინფორმაციის წყაროდ ორ ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირს ასახელებს, რომლებსაც, გაზეთის ცნობით, ეს საიდუმლო მოხსენება წაკითხული ჰქონდათ.

„როგორც ჩანს [Washington Times-ის] ამ პუბლიკაციის მიზანი მეორე საინფორმაციო ტალღის აგორებაა იმ საკითხების გარშემო, რომლებიც ამ წლის დასაწყისში ჩვენ უკვე განვიხილეთ როგორც ამერიკის, ისე საქართველოს წარმომადგენლებთან“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. 

მისი თქმით, იმის გამო რომ საკითხი ”მგრძნობიარე” თემას ეხება, მოსკოვი „პასუხისმგებლობით“ მოეკიდა ბრალდებას, რომ საქართველოში მომხდარ აფეთქებებში რუსეთის ხელის ერია.

„ჩვენ ჩავატარეთ შესაბამისი პროფესიონალური გამოძიება ჩვენი სტრუქტურების ჩართვით. ამ მუშაობის შედეგები ეცნობათ როგორც ამერიკულ მხარეს, ისე საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებს“, – განაცხადა კარასინმა.

„მინდა ასევე ავღნიშნო, რომ ჩვენი აზრით, ამ ტიპის საკითხები სერიოზულად უნდა განიხილებოდეს, ყოველგვარი ზედმეტი პროპაგანდისტული ხმაურის გარეშე. თუმცა, როგორც ჩანს, ეს სულაც არ არის იმათი მიზანი, ვინც ამ კამპაის ორგანიზატორობას უწევს. რაც შეეხება ასეთ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის არხებს, ჩვენი მხრივ, ისინი ღია რჩება“, – განაცხადა მან.   

ამავე თემაზე გამოქვეყნებულ მესამე სტატიაში, რომელიც გაზეთის ვებ-გვერდზე 28 ივნისს დაიდო, Washington Times-ი იტყობინება, რომ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის საბჭომ კონგრეს მიაწოდა სექტემბერში მომხდარი აფეთქების საკუთარი ანალიზი. ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, გაზეთი იტყობინება, რომ ”კონსესუსი არ არის” იმის თაობაზე თუ ვინ არის სექტემბრის აფეთქებაზე პასუხისმგებელი.

2010 წლის დეკემბერში საქართველომ რუსეთს გამოძიებაში თანამშრომლობა სთხოვა; საქართველოს ოფიციალურმა პირებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ რუსეთი საკითხს არაკონსტრუქციულად მიუდგა.

აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მარკ ტონერმა 27 ივლისს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ სახელწიფო დეპარტამენტი ”არ აკეთებს კომენტარს დაზვერვის საკითხებთან დაკავშირებულ გამოძიებაზე“.

Back to top button