
სააპელაციო სასამართლომ ისრაელელი ბიზნესმენების საქმეზე განაჩენი ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი, რომელმაც 2011 წლის 1 აპრილს ისრაელის ორი მოქალაქე, ბიზნესმენები რონ ფუქსი და ზეევ ფრენკელი დამნაშავეებად ცნო საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზებაში და პატიმრობა შეუფარდა.
„დაკითხული მოწმეებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და ორივე მსჯავრდებულის მიმართ განაჩენი უცვლელად დატოვა“, – განაცხადა სააპელაციო სასამართლომ 26 ივლისს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩადენილი დანაშაულისთვის ზეევ ფრენკელს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, დამატებითი სასჯელის სახით კი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 100 000 ლარის გადახდა დააკისრა.
რონი ფუქსს კი თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით შეუფარდა და დამატებითი სასჯელის სახით 500 000 ლარი გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააკისრა.
ორივე მსჯავრდებული უარყოფს ბრალდებებს. სასამართლოზე თავის საბოლოო სიტყვაში რონ ფუქსმა განაცხადა, რომ ის საქართველოს მთავრობის მიერ დაგებული მახის მსხვერპლი აღმოჩნდა, რაც მიზნად ისახავდა იმ მრავალმილიონიან მოთხოვნაზე უარის თქმას, რომელიც მან საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მოუგო.
აპრილის ბოლოს ებრაელი ბიზნესმენების ოჯახებმა პრეზიდენტ სააკაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს, თუმცა როგორც გაზეთი „24 საათი“ წერდა მაისში პრეზიდენტის ადმინისტრაციის "სარწმუნო წყაროზე“ დაყრდნობით, პრეზიდენტი სააკაშვილი მათ შეწყალებას არ აპირებს.