
მერაბიშვილი: ფოტოგრაფების საქმეზე საკმარისი მტკიცებულებები არსებობს
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ გამოძიებას საკმარისი მტკიცებულება აქვს რომ დაკავებული ფოტოგრაფების წინააღმდეგ ბრალდებები დაამტკიცოს.
13 ივლისს ჟურნალისტების მცირე ჯგუფთან შეხვედრაზე, რომლებიც ძირითადად დასავლურ საინფორმაციო სააგენტოებისთვის მუშაობენ, მან ასევე განაცხადა, რომ საზოგადოებას შეეძლება გაეცნოს ამ მტკიცებულებებს სასამართლო მოსმენების დროს, რომლის ძირითადი ნაწილიც საჯარო იქნება, გარდა იმ ნაწილისა, სადაც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების განხილვა მოხდება.
მერაბიშვილის თქმით, გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ქურციკიძეს 2004 წლიდან კავშირი ჰქონდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებთან, კერძოდ კი ანატოლი სინიცინთან და სერგეი ოკროკოვთან. ამ ორი ადამიანის ვინაობა საქართველოში პირველად 2006 წელს გახდა ცნობილი, როდესაც საქართველომ რუსეთის ოთხი მოქალაქე ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა. იმ დროს, საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ჯაშუშური ქსელის კოორდინაცია საქართველოს გარედან ხდებოდა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის ანატოლი სინიცინის მიერ.
მერაბიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ქურციკიძემ 2004 წლის შემდეგ ათობით სატელეფონო კონტაქტი განახორციელა რუსული სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებთან.
მერაბიშვილის თქმით გამოძიებას არანაირი ”პრეტენზია” სააგენტო EPA-ის წინააღმდეგ, სადაც ზურაბ ქურციკიძე მუშაობდა, ან ამ სააგენტოს რომელიმე სხვა თანამშრომლის წინაღმდეგ არ გააჩნია. მისი თქმით EPA-ის არაფერი საერთო ამ საქმესთან არ გააჩნია.
მისი თქმით, "სისულელეა“ გავრცელებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს ფოტოგრაფები ისჯებიან თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო, რაც თითქოსდა 26 მაისს გადაღებულ ფოტოსურათებს ან სხვა რამეს უკავშირდება.
მან უარყო საქართველოში რუსეთის ჯაშუშებთან დაკავშირებული „ისტერიის“ შესახებ გამოთქმული ბრალდებები და მიუთითა, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ საქართველომ გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საქართველოში შემოსვლას ზემო ლარსი–ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვები პუნქტით გადაწყვეტენ.