ახალი ამბები

მერაბიშვილი: რუსი ჯაშუშების ეფექტურობა საქართველოში მინიმალურია

რუსულ დაზვერვაზე მომუშავე ჯაშუშები კვლავ მოქმედებენ საქართველოში, თუმცა მათ კონტრდაზვერვის დეპარტამენტი უთვალთვალებს და ახლა მათი ეფექტურობა მინიმალურია, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 6 ივლისს რადიოსადგურ „ეხო მოსკვი“–სთან ინტერვიუში.

„ჯერ ყველა რუსი აგენტი და ჯაშუში არ არის დაკავებული, რადგანაც კიდევ დარჩნენ ზოგიერთები, რომლებსაც ჩვენ ვუთვალთვალებთ და ვაკვირდებით მათ გეგმებს, ქმედებებს. მე კმაყოფილი ვარ ჩვენი კონტრდაზვერვის მუშაობით“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

მისი თქმით, შარშან შემოდგომაზე ჯაშუშური ქსელის გამოვლენის შემდეგ, "რუს აგენტებს უფრო გაუჭირდათ საქართველოში მუშაობა“, რადგანაც მათ ნაკლები სივრცე დარჩათ მანევრირებისთვის.

"ჩვენ მათ ინფორმაციის მიღების მნიშვნელოვანი არხები დავუხურეთ“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

"ძველი [ჯაშუშური] ქსელების ეფექტურობა უკვე მინიმალურია… რუსული დაზვერვა, GRU-ის [რუსული სამხედრო დაზვერვის] ჩათვლით აქტიურად მუშაობს ახალი ჯაშუშური ქსელების შექმნაზე, რადგანაც მათ ესმით, რომ ძველი ქსელები დაიშალა, მაგრამ ახალი ქსელების შექმნა ძალიან ძნელია“, – დასძინა მან. 

6 ივლისს ბათუმის სასამართლომ ცხრა პიროვნება საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშუბაში ცნო დამნაშავედ და მათ ხანგრძლივი პატიმრობა შეუფარდა. რუსეთის ორ  მოქალაქეს და საქართველოს ოთხ მოქალაქეს 11–წლიანი პატიმრობა შეეფარდათ; კიდევ ერთ საქართველოს მოქალაქეს 13 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ერთ საქართველოს მოქალაქეს და  რუსეთის ერთ მოქალაქეს, იური სკრილნიკოვს, 14–წლიანი პატიმრობა განესაზღვრათ. 

ყველა მათგანი, სკრილნიკოვის გარდა, შარშან შემოდგომაზე დააპატიმრეს რუსული ჯაშუშური ქსელის წინააღმდეგ განხორციელებული საიდუმლო ოპერაციის შედეგად.

სკრილნიკოვი, რომელიც წარსულში, ამჟამად უკვე დახულ რუსულ ბაზაზე მსახურობდა ბათუმში, 2010 წლის მაისში დააკავეს ცალკე ბრალდებებით, რომელიც ასევე ეხებოდა ყალბი ფულის დამზადებას და გავრცელებას. ოქტომბერში ბათუმის სასამართლომ სკრილნიკოვი დამნაშავედ ცნო ყალბი ფულის დამზადება-გავრცელებაში და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იმ დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ეს განაჩენი, როგორც "კიდევ ერთი პროვოკაცია რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ“.

სასამართლოს განაჩენი ბათუმში და მერაბიშვილის განცხადება რამდენიმე საათით უსწრებდა წინ პოლიციის მიერ ხუთი ფოტოჟურნალისტის დაკავებას თბილისში, ხუთშაბათს ღამით – ერთ–ერთი მათგანი, რომელიც Associated Press–ში მუშაობს, 7 ივლისს შუადღისთვის გამოუშვეს. დანარჩენ ოთხს კი ჯაშუშობის ბრალდება წაუყენეს. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტალებზე ჯერ არ უსაუბრია და ადვოკატებიც თავს იკავებენ დეტალებზე საუბრისგან, ვინაიდან საქმე გრიფით "საიდუმლო" მიმდინარეობს.

Back to top button