ახალი ამბები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას პოლონელი გენერალი უხელმძღვანელებს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 18 ივლისიდან პოლონეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტი ანდჟეი ტიშკევიჩი უხელმძღვანელებს.

2003 წელს, რამოდენიმე თვის განმავლობაში, ტიშკევიჩი ერაყში დისლოცირებული პოლონეთის სამხედრო კონტინგენტის მეთაური იყო, ხოლო 2005–2010 წლებში პოლონეთის ელჩად მსახურობდა ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში.

ტიშკევიჩმა ამ პოსტზე გერმანელი დიპლომატი ჰანსიორგ ჰაბერი შეცვალა, რომელიც საქართველოში 2008 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსების პირველივე დღიდან ხელმძღვანელობდა ამ მისიას.

ჰაბერი მარტში ევროკავშირის სამოქალაქო მისიების დაგეგმარებისა და მართვის განყოფილების უფროსად დაინიშნა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროკავშირის იმ რვა სამოქალაქო მისიიდან ერთ–ერთია, რომელიც ერთიანი უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში ხორციელდება და რომლის კურირებაც ჰაბერის ფუნქციებში შედის.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი 14 სექტემბერს იწურება, თუმცა თბილისი იმედოვნებს, რომ იგი გაგრძელდება.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მისიის შენარჩუნება და ამ ფორმით გაგრძელება, მიუხედავად იმისა, რომ მისია ჯერჯერობით მის სრულ მანდატს სრულად ვერ ახორციელებს – მე ვგულისხმობ, რომ სადამკვირვებლო მისია ჯერჯერობით მოკლებულია შესაძლებლობას მისიის სადამკვირვებლო ზედამხედველობა განახორციელოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოში“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 5 ივლისს.

მან ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ეუთოს და გაეროს მისიები აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ვეტოს გამო დაიხურა, თბილისი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას "უსაფრთხოების ერთადერთ საერთაშორისო გარანტიად“ განიხილავს.

"შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ ევროკავშირიც ამ მოსაზრებას იზიარებს და ხედვა აქვს, რომ ეს მისია უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა კალანდაძემ.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button