skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით, 98 ხმით 2–ის წინააღმდეგ პირველი მოსმენის მიიღო ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში.

კანონპროექტის ერთ–ერთმა ავტორმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ ცალკეულ დებულებებთან დაკავშირებით მეორე მოსმენისთვის შესაძლოა არამკაფიო ფორმულირებები დაიხვეწოს.

კანონპროექტის თანახმად, შეკრება "უფლებამოსილი წარმომადგენლის“ მოთხოვნისათანავე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ან წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცავთა მხრიდან მისი დაშლა მოხდება, თუ ადგილი აქვს შემდეგი კომპონენტების "მასობრივ დარღვევას“:

  • ისმის მოწოდებები კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლისაკენ  ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ან ისეთი მოწოდება, რომელიც წარმოადგენს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს და ამ ქმედების განხორციელების აშკარა და პირდაპირი საფრთხე არსებობს;
  • აქციის მონაწილეები ატარებენ იარაღს, ფეთქებად, ადვილად აალებად, რადიოაქტიურ ანდა ცივ იარაღს;
  • ან ისინი ისტორიულ, არქეოლოგიურ, არქიტექტურულ ანდა სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე შენობა–ნაგებობის, ძეგლის ან მემორიალის ვიზუალურ მხარეს ამახინჯებენ, აზიანებენ ანდა მათ მიმართ სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას ახორციელებენ.

ამ აკრძალვების არამასიური დარღვევის შემთხვევაში; ასევე იმ შემთხვევაში, თუ მანიფესტანტს აქვს „საგანი ან ნივთიერება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან შეუძლია შეუქმნას შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“; ან აქვს ცრემლმდენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი ანდა ალკოჰოლიანი სასმელები; თუ ტრანსპორტის სავალი ნაწილი მანიფესტანტების მიერ გადაკეტილია ხელოვნურად და არა მათი რაოდენობის საჭიროებიდან გამომდინარე; ანდა მათი რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ჩატარება "სხვაგვარად შესაძლებელია“, თუ ადგილობრივი ხელისუფლება ან განსაკუთრებულ შემთხვევაში მთავრობა მიიღებს გზის გახსნის მიზნით ამგვარ გადაწყვეტილებას, უფლებამოსილი წარმომადგენელი ორგანიზატორს 15 წუთს აძლევს იმისათვის, რათა მოუწოდოს დარღვევის აღმოფხვრისაკენ; თუ ორგანიზატორი არ მოუწოდებს ამის შესახებ აქციის მონაწილეებს, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება; თუ ორგანიზატორი არ მოუწოდებს ან მოუწოდებს, მაგრამ ვერ უზრუნველყოფს დარღვევის აღმოფხვრას, ასეთ შემთხვევაში სამართალდამცავები აქციას დაშლიან.

კანონპროექტის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეები არ შეიძლება იყვნენ აქციის ორგანიზატორები. პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ამით ავტორებმა გაითვალისწინეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად მიიჩნია "მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის“ მსგავსი შეზღუდვის დაწესება.

კანონპროექტი 20 მეტრის რადიუსში შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას პირდაპირ კრძალავს ყველა დონის სასამართლოების, პროკურატურის, პოლიციის და საპატიმრო დაწესებულებების შენობების, ასევე რკინიგზის სადგურების, აეროპორტების და პორტების შესასვლელებთან მიმართებაში; ასევე 100 მეტრიან აკრძალვას აწესებს სამხედრო ნაწილებთან მიმართებაში.

კანონპროექტი ყველა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოს თავად აძლევს უფლებამოსილებას "დააწესოს შეზღუდვა შეკრების შენობიდან დაშორებით გამართვასთან დაკავშირებით, მაგრამ არა უმეტეს 20 მეტრისა“. თუ როდის უნდა იქნეს ამგვარი შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული მეორე მოსმენისთვის დადგინდება.

კანონპროექტში შემოდის სრულიად ახალი მუხლი, სადაც ნათქვამია: "შესაბამის ორგანოს აქვს ვალდებულება დაიცვას ბალანსი შეკრების თავისუფლებასა და იმ პირთა უფლებებს შორის ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ვაჭრობს, აქვს ბიზნესი იმ ადგილებში, სადაც მიმდინარეობს შეკრება. აღნიშნულ პირებს ხელი არ უნდა შეეშალოთ, რათა განაგრძონ თავიანთი საქმიანობა. ამ მიზნით შეიძლება დაწესდეს დროისა და ადგილის შეზღუდვა და მოხდეს ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზება“.

თუმცა პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა გადაწყვეტილებები პროპორციულობის პრინციპის დაცვით უნდა მიიღონ, რათა, კანონპროექტის თანახმად,  "შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს“.

ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი არის კიდევ ერთი "რეგრესული“ და "ანტიდემოკრატიული ნაბიჯი“. მან განუცხადა კოლეგებს მმართველი პარტიიდან, რომ ნაცვლად იმისა, რომ "საპროტესტო აქციის მიზეზებთან დაგეწყოთ ბრძოლა და გეფიქრათ რას გამოყავს ქუჩაში ხალხი, თქვენ ებრძვით შედეგებს ანუ საპროტესტო აქციას“. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ კანონპროექტი "გამომდინარეობს იმ მანიფესტაციებიდან, რომელიც მიმდინარეობს ჩვენ ქვეყანაში ბოლო ხნის განმავლობაში ძალიან ხშირად“, თუმცა ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ნორმების "ლიბერალიზაციას“, რაც, მისი თქმით, „ხელს შეუწყობს მანიფესტაციების უფრო გამართულად ჩატარებას“ და არ შეზღუდავს ადამიანის უფლებას გამოხატოს თავისი კრიტიკული აზრი ხელისუფლების მიმართ. 

იმავდროულად, პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით  უყარა კენჭი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრზე, მათ საცხოვრებელ ან სამსახურეობრივ შენობაზე, სატრანსპორტო საშუალებაზე სამსახურეობრივი საქმიანობის გამო თავდასხმა ისჯება 4–დან 7–წლამდე ვადით, ხოლო 7–დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით იმ შემთხვევაში, თუ ამ თავდასხმამ გამოიწვია სიცოცხლის ხელყოფა.

ცვლილებების თანახმად, უკანონო ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა ისჯება 6–დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ამ ფორმირებაში მონაწილეობა – 3–დან 7 წლამდე ვადით; ხოლო მისი დაფინანსება ჯარიმით ან პატიმრობით 5–დან 8 წლამდე. ამჟამად მოქმედი ეს მუხლი უკანონო "შეიარაღებულ" ფორმირებებს ეხება.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ მომზადებული ეს ინიციატივაც პირდაპირ უკავშირდება მაისში გამართულ საპროტესტო აქციებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button