ახალი ამბები

ცხინვალში ათი ქართველია დაკავებული

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ონის რაიონის სოფელ ღარის ათი მკვიდრი დააკავა მას შემდეგ, რაც მათ რელიგიური დღესასწაულის „საჯვარეობის“ აღნიშვნა მოისურვეს ჯავის რაიონში; ყველა მათგანს რეგიონის "სახელმწიფო საზღვრის“ გადაკვეთა ედება ბრალად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება“. სამინისტრომ 20 ივნისს "გატაცებული საქართველოს მოქალაქეების უპირობო და დაუყოვნებელი გათავისუფლება“ მოითხოვა.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საქართველოს ოთხი მოქალაქე 18 ივნისს დააკავა ჯავის რაიონის სოფელ კოზის მახლობლად, ხოლო კიდევ ექვსი მოქალაქე იმავე ადგილას 19 ივნისს იქნა დაკავებული. დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, საქართველოს მოქალაქეები "სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრიდან 1.5 კილომეტრის სიღრმეში იყვნენ შემოსულები“.

ათივე დაკავებული სოფელ ღარის მკვიდრია. ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ რამოდენიმე მათი თანასოფლელი ტრადიციულ დღესასწაულზე დასასწრებად წავიდა, ხოლო დანარჩენები იმ დროს დააპატიმრეს, როდესაც ოთხი თანასოფლელის ადგილსამყოფელის გარკვევას ცდილობდნენ.

"საჯვარეობის“ სახელით ცნობილი დღესასწაულის დროს სოფელ ღარის ადგილობრივი მამაკაცები ცხენებით იმ ადგილისკენ მიემართებიან, რომელიც ჯავის რაიონში წმინდა ადგილად ითვლება. ეს ძველი ტრადიციაა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა ყოველ წელს აღნიშნავს. დღესასწაული მართლმადიდებლური აღდგომიდან რვა კვირაში იმართება, რომლის დროსაც მორწმუნეები მთელი ღამით რჩებიან იმ ადგილას და მხოლოდ მეორე დილას ტოვებენ მას. თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ამ ტრადიციის დაცვა საკმაოდ გართულდა სოფელ ღარის მოსახლეობისთვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ საოკუპაციო ძალებმა აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინეს მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც რელიგიური დღესასწაულის "საჯვარეობის" აღსანიშნავად იყვნენ შეკრებილი“.   

"ქართველები და ოსები ამ დღესასწაულს საუკუნეების მანძილზე ერთად აღნიშნავდნენ", – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button