გილაური: სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 10 მილიონ ლარს აჭარბებს
ბოლო სულ ცოტა 50 წლის მანძილზე უძლიერესი ღვარცოფის შედეგად რიკოთის უღელტეხილისთვის მიყენებული ზარალი, სავარაუდოდ, 10 მილიონ ლარზე მეტი იქნება, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა კვირას.
ღვარცოფის შედეგად, რომელმაც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ორკილომეტრიან გვირაბთან მდებარე თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზა დააზიანა, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაკარგულად ითვლება.
აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და ამ მიზნით, დაახლოებით 1000 მუშა იქნება მობილიზებული, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა სტიქიური უბედურების ადგილიდან, სადაც სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.
„სავარაუდოდ სამ დღეში დასრულდება პირველადი აღდგენითი სამუშაოები და 14 დღეში ეს გზა დაუბრუნდება იმ პირვანდელ მდგომარეობას, რომელიც მანამდე იყო,“ – განუცხადა გილაურმა ჟურნალისტებს.
დაზიანებული გზა საერთაშორისო ტრანზიტისთვისაც გამოიყენება.
გილაურმა ასევე განაცხადა, რომ კეთდება სპეციალური რიგი, რომელიც 10–20 ტრაილერს ერთ საათში რიკოთის გავლის საშუალებას მისცემს, ხოლო დანარჩენი მანქანები საჩხერე–ჭიათურის ალტერნატიული მარშრუტით ისარგებლებენ.
კოკისპირულმა წვიმებმა ხაშურის რაიონის რამდენიმე სოფელში გზები დააზიანა და სახლები დატბორა.
პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი დათვლილია; მისი თქმით, სტიქიით დაზარალებულ რაიონებში საგანგებო სამსახურის დამატებითი ჯგუფები გაიგზავნა.
წყალდიდობის შედეგად ასევე დაზიანდა ხიდები და გზები დუშეთის რაიონში.
ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე კოკისპირულმა წვიმებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ქვეყნის სხვა რაიონებსაც, კერძოდ ახმეტაში, ყვარელში, გურჯაანში და თელავში სახლები და სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დაიტბორა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)