ახალი ამბები

საქართველო ავღანეთის ოპერაციაში დამატებით ბატალიონს მომავალ წელს გაგზავნის

საქართველო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში დამატებით ბატალიონს მომავალ წელს გააგზავნის, განაცხადა თავდაცვის სამინისტრომ 9 ივნისს.

სამინისტროს ცნობით, ამ თემაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ და ნატო-ს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) სარდალმა დევიდ პეტრეუსმა ბრიუსელში 9 ივნისს გამართულ შეხვედრაზე.

“გენერალი პეტრეუსი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ  ეს იქნება საქართველოს მიერ შეტანილი დიდი წვლილი მსოფლიო უსაფრთხოებაში, ამით  ქართველი სამხედროები მიიღებენ უნიკალურ გამოცდილებას,“– ნათქვამია საქართველოს თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ავღანეთში დამატებითი ძალების გაგზავნაზე საქართველოს გეგმების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც თეთრმა სახლმა აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის რომში გამართული შეხვედრის შესახებ პრესრელიზი გაავრცელა, რომლის თანახმადაც, საქართველო ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ISAF-ში ყველაზე დიდი კონტრიბუტორი გახდება. ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი  – 1 550 კაციანი კონტიგენტით ავღანეთში ნატოს არა წევრი ავსტრალია არის წარმოდგენილი.

საქართველოს, რომელსაც ავღანეთში უკვე ჰყავს 900-ზე მეტი სამხედრო, 8 ჯარისკაცი დაეღუპა მას შემდეგ, რაც ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას 2009 წლის ნოემბრიდან შეუერთდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბაჩო ახალაიამ და გენერალმა პეტრეუსმა ასევე იმსჯელეს საქართველოში ნატო-ს სტანდარტების რეგიონალური საწვრთნელი ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივაზე.  

“გენერალი პეტრეუსი მიესალმება ინიციატივას შეიქმნას საქართველოში ცენტრი, რომლის მთავარი მიზანია საერთაშორისო ოპერაციებისთვის გადასროლისწინა წვრთნების განხორციელება. ცენტრის შექმნის საკითხში საქართველოს ნატო-ს სრული მხარდაჭერა აქვს,“– აცხადებს საქართველოს თავდაცვის უწყება.

ბაჩო ახალაიამ  ნატოს შტაბბინაში, სადაც 8–9 ივნისს ალიანსის წევრის ქვეყნების  თავდაცვის მინისტერიალი იმართება, მონაწილეობა მიიღო ISAF -ის ოპერაციაში მონაწილე ნატო-ს არაწევრ ქვეყნებთან ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button