ახალი ამბები

პოლიციის ცნობით, ორი გარდაცვლილია ნაპოვნი აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ორი მამაკაცის გვამი" იქნა აღმოჩენილი 27 მაისს თავისუფლების მეტროსთან მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის სახურავზე, იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც ორი დღის წინ სპეცრაზმმა მომიტინგეები დაარბია და სამხედრო აღლუმი ჩატარდა.

შსს–მ წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზად ელექტროსადენებთან მათი შეხება დაასახელა.

“გამოძიება სწავლობს ამ პირების შესაძლო კავშირს, რუსთაველის პროსპექტზე გამართულ საპროტესტო აქციასთან,“ –ნათქვამია შსს–ის მოკლე განცხადებაში.

გვიან საღამოს ამ განცხადების გამოქვეყნებამდე, ქართული მედია წყაროები იტყობინებოდნენ, რომ პოლიციამ მიცვალებული მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის ეზოში იპოვა. სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გარდაცვლილი ადამიანის სახელი და გვარიც გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ის პოლიციის მიერ დარბეული საპროტესტო აქციის მონაწილე იყო.

თუმცა ამ დროისთვის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციაზე ერთი პოლიციელისა და ერთი მომიტინგის გარდაცვალება დაადასტურა. შსს–ის ინფორმაციით, ორივე ეს  ადამიანი იმ ავტოკოლონის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა, რომლითაც  საპროტესტო აქციის ლიდერები ტოვებდნენ ტერიტორიას.

იმავდროულად, შსს–მ 28 მაისს განაცხადა, რომ პოლიციამ დაიწყო სახალხო კრების ერთ–ერთი ორგანიზატორის ირაკლი ბათიაშვილის ძებნა მისი ოჯახის საჯარო განცხადებების საფუძველზე. ბათიაშვილის ადგილსამყოფელი, მისი ოჯახის განცხადებით, უცნობია 26 მაისს ღამით განვითარებული მოვლენების შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button