პოლიცია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან უსაფრთხოებას აძლიერებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაადასტურა, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული სამართალდამცავი ორგანოების რაოდენობა გაიზარდა.
23 მაისს ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ქართული საპოლიციო ძალების მობილიზება შეინიშნება. ვრცელდებოდა ვარაუდები, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის და ქართული პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი შესაძლოა სეპარატისტული რეგიონიდან შეეცადოს საქართველოში შემოსვლას. თუმცა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო რაიმე "სპეციალური“ ზომების განხორციელება ადმინისტრაციულ საზღვართან და აღნიშნა, რომ იქ მხოლოდ გეგმიური პატრულირება ხორციელდება. დღესვე ქართულმა პარტიამ განაცხადა, რომ ოქრუაშვილმა შეცვალა საქართველოში დაბრუნების გეგმები და 25 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციაც გაუქმებულად გამოაცხადა.
ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ასევე შეზღუდეს გადაადგილება ახალგორის რაიონის სასაზღვრო მონაკვეთზე. შსს–ს თქმით, ეს არის უსაფრთხოების ზომები 26 მაისს თბილისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის წინ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 24 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მისია ინფორმირებულია, რომ "საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ფარგლებში გაზარდეს თავისი წარმომადგენლობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე“.
"არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მისიას აქვს რეგულარული კავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან და გამოხატავს შეშფოთებას ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის თაობაზე,“ – ნათქვამია მისიის განცხადებაში.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გააძლიერა პატრულირება ამ ტერიტორიებზე და ადგილობრივ მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველა მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდებს,“ – განაცხადა მისიამ.
ევროკავშირის დამკვირვებელთა თქმით, "განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის გასაზიარებლად“ მისია ასევე დაუკავშირდა რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეებს და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას ცხელი ხაზის მეშვეობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)