ახალი ამბები

ფოტოები ’ოქრუაშვილი მოსკოვის აეროპორტში’ გაყალბებულია


"რეალ–TV"–ის მიერ 20 მაისს გავრცელებული ერთ–ერთი გაყალბებული ფოტო.

ტელეკომპანია "რეალ –TV“–ის მიერ გავრცელებული ფოტოები, სადაც ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ქართული პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და მისი თანამოაზრესთან ერთად ვითომდა მოსკოვის აეროპორტში არიან, გაყალბებული აღმოჩნდა.

ტელეკომპანია "რეალ–TV“–მ 20 მაისს ორი ცუდი ხარისხის ფოტო გაავრცელა, რომლებიც, მისი თქმით, 19 მაისს მოსკოვის ერთ–ერთ აეროპორტშია გადაღებული. ერთ–ერთ ფოტოზე ჩანან აეროპორტში მყოფი მგზავრები რომელთა შორის ერთი მამაკაცი ოქრუაშვილს გავს.

20 მაისს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ქართულ ინტერნეტ ფორუმზე, Forum.ge–ზე, დაიდო ერთ-ერთი ფოტოს ორიგინალი.

ფოტოს ორიგინალი, რომელიც ინტერნეტშია ხელმისაწვდომი, არის AFP/Getty Images–ის კუთვნილი ფოტო, რომელიც დომოდედოვოს აეროპორტიში 2010 წლის დეკემბერშია გადაღებული


AFP/Getty–ის მიერ დომოდედოვოს აეროპორტში გასულ დეკემბერს გადაღებული ფოტო.

"რეალ –TV“–ის მიერ ნაჩვენები მეორე ფოტოზე ასევე გადაღებულია მგზავრები აეროპორტში და მათ შორის ორი მამაკაცია –ერთი ოქრუაშვილს გავს, ხოლო მეორე ბიზნესმენს კოტე გოგელიას, რომელიც ქართულ პარტიასთან ასოცირდება. 


მეორე გაყალბებული ფოტო, რომელიც "რეალ–TV"–მ გაავრცელა და თავის ახალ ამბებში
ასევე გაუშვა "რუსთავი–2"–მა.

ეს ფოტოც გაყალბებულია და მისი ორიგინალიც ინტერნეტშია ხელმისაწვდომი. ორიგინალი არის AP-ის კუთვნილი საარქიფო ფოტო, სადაც ნაჩვენებია მგზავრები დომოდედოვის აეროპორტში, რომელთა შორისაც ოქრუაშვილს და მის მეგობარს არავინ ჰგავს.


AP–ის ფოტო, სადაც ჩანან მგზავრები დომოდედოვოს აეროპორტში.

ქართული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა 20 მაისს, რომ ეს ფოტოები "რეალ –TV“–ის მიერაა „გაყალბებული“ და მან ხელისუფლება მისი პარტიის წინააღმდეგ მედია კამპანიის განხორციელებაში დაადანაშაულა.

"რეალ –TV“–მ განაცხადა, რომ მან ეს ორი ფოტო „ინტერნეტ სივრცეში“, კერძოდ კი youtube-ზე მოიპოვა.

“რეალ–TV ატეხილ ისტერიულ უარყოფასთან ერთად და სხვადასხვა სააგენტოებით გავრცელებულ მიმსგავსებულ ფოტოებზე პასუხს არ აგებს. ინფორმაცია, რომ ფოტოები ფაბრიკაციაა და ის მონტაჟია ამ საკითხთან დაკავშირებით "რეალ –TV“ ასევე პასუხისმგებლობას იხსნის,“– აცხადებს ტელეკომპანია 21 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button