ახალი ამბები

შსს: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს ორი სამოქალაქო პირი დაჭრეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს 18 მაისს, დილით მომხდარი სროლის ინციდენტის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიჭრა; ოთხი სამოქალაქო პირი კი დაკავებულია.

“18 მაისს, დაახლოებით, დილის 8 საათზე, საჩხერის რაიონის სოფელ ჭალოვანში მცხოვრები ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი (რომელთა ასაკია 17, 21, 22, 26 და 27 წელი) ჯონჯოლის შეგროვების მიზნით იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზის უშუალო სიახლოვეს მდებარე ჩონთოს ხეობაში, რა დროსაც მათ დაკავებას შეეცადნენ სამხედრო ფორმაში ჩაცმული საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები. ახალგაზრდებმა სცადეს გაქცევა. მათი მიმართულებით ცეცხლი გახსნეს სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა,“– აცხადებდა თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრო.

ამავე ცნობით, ორი დაჭრილიდან, რომლებსაც "გადაუდებელი ოპერაცია" ჩაუტარდათ, ერთის, 17 წლის მოსწავლის მდგომარეობა მძიმეა.

იმავდროულად, ინციდენტის შესახებ იუწყება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ვებ–გვერდი და ადგილობრივი უშიშროების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მათ "საზღვრის დარღვევის“ გამო საქართველოს ოთხი მოქალაქე, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი დააკავეს. ამ უკანასკნელს, ამავე ცნობით, „უახლოეს მომავალში“ გაათავისუფლებენ და გადასცემენ ქართველ სამართალდამცავებს.

“დაკავების მომენტში სასაზღვრო პატრულს დაუდგენელმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ცეცხლსასროლი იარაღიდან დაკავებული პირების გათავისუფლების მიზნით. საპასუხო ცეცხლით თავდამსხმელები გაიფანტნენ და მიიმალნენ საქართველოს ტერიტორიაზე,“– აცხადებენ სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურში. 

თავდაპირველად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მოქალაქეები დაკავებული იყვნენ, თუმცა დღესვე მოგვიანებით შსს–ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ოთხი ქართველია დაკავებული. "ჩვენ გვითხრეს, რომ ისინი [ცხინვალი] გაათავისუფლებენ ამ ოთხ ადამიანს,“ – განაცხადა შსს–ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button