ახალი ამბები

პარლამენტმა მხარი დაუჭირა მეტი თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნას

პარლამენტმა 5 მაისს მეორე და მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მთავრობას ანიჭებს უფლებამოსილებას თავისუფალი ტურისტული ზონები დადგენილების საფუძველზე შექმნას.

თავდაპირველად კანონი კონკრეტული ტურისტული ზონის განვითარების მიზნით იქნა მიღებული. კერძოდ, ოქტომბერში მიღებული კანონი 15 წლის განმავლობაში მოგებისა და ქონების გადასახადისგან ათავისუფლებდა ინვესტორს, რომელიც სულ ცოტა 1 მლნ ლარს ჩადებდა ქობულეთში, კონკრეტულ 11.4 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე სასტუმროების მშენებლობაში.

დეკემბერში კანონს დაემატა ანაკლიის ტურისტული ზონის შექმნის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება.

ბოლო ცვლილებით, გარდა იმისა, რომ კანონს დაემატა განმუხურში თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის დებულება, მთავრობას მიენიჭა დამატებითი უფლებამოსილება სხვა ასეთი ზონების შესაქმნელად, როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ხშირი საკანონმდებლო ცვლილებების თავიდან აცილების მიზნით.

გარდა ამისა, კანონიდან ამოღებული იქნა დებულება, რომელიც ითვალისწინებდა ინვესტორისთვის არა უმეტეს 0,2 ჰექტარი მიწის ნაკვეთის სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საკუთრებაში გადაცემას. ცვლილებების შედეგად, 1 ლარად გასასხვისებელი მიწის ნაკვეთის ფართობის ზედა ზღვარი მოიშლება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button