skip to content
ახალი ამბები

ქართველი და ამერიკელი ოფიციალური პირები დემოკრატიულ რეფორმებს განიხილავენ

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში აშშ–საქართველოს ორმხრივი სამუშაო ჯგუფი 27 აპრილს თბილისში შეიკრიბება და "საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრს“ განიხილავს, განაცხადა აშშ–ს საელჩომ საქართველოში.

დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი ერთ–ერთი იმ ოთხი უწყებათაშორისი ორმხრივი ჯგუფია, რომელიც აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობის მიზნით შეიქმნა. ორ ქვეყანას შორის ქარტიას 2009 წლის იანვარში მოეწერა ხელი. ქარტია სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებად ასევე მიიჩნევს უსაფრთხოებას, ეკონომიკას და ხალხთა შორის ურთიერთობებს.

თბილისში დემოკრატიულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე აშშ–ის დელეგაციის თანათავმჯდომარეები იქნებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, თინა ქეიდენაუ და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში კეთლინ ფიცპატრიკი.

ქართული დელეგაციის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე და იუსტიციის მინისტრის მოადგილე თინა ბურჯალიანი.

ვიზიტის ფარგლებში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები ასევე შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის წარმომადგენლებს, იტყობინება აშშ–ის საელჩო.

დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ერთ–ერთი ბოლო შეხვედრა 2010 წლის ნოემბერში ვაშინგტონში გაიმართა და მისი თანათავმჯდომარე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრობის საკითხებში მაიკლ პოზნერი იყო. ეს უკანასკნელი საქართველოს 2009 წლის ნოემბერში სტუმრობდა, როდესაც ჯგუფის შეხვედრა თბილისში გაიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button