საქართველო სამხედრო ტრანზიტზე რუსეთთან ხელშეკრულებას აუქმებს
საქართველო სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის მომარაგების მიზნით რუსეთთან სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის შესახებ არსებულ შეთანხმებას აუქმებს მას შემდეგ, რაც მას მოქმედების 5–წლიანი ვადა ამოეწურა.
შესაბამის დადგენილებას პარლამენტმა 19 აპრილს, 84 ხმით ერთხმად დაუჭირა მხარი.
პარლამენტში ამ საკითხის გამოტანისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ხელშეკრულების გაუქმების მიზეზად მისი ვადის ამოწურვასთან ერთად, "რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესია“ და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე "პოლიტიკური მიზანშეწონილობა“ დაასახელა.
დეპუტატი მმართველი პარტიიდან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ქავთარაძე მიესალმა ამ შეთანხმების გაუქმებას, რომელიც მისი თქმით, "ეროვნულ ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდის“.
საქართველომ აღნიშნული ხელშეკრულება რუსეთთან 2006 წლის 31 მარტს გააფორმა იმ ხელშეკრულების პარალელურად, რომელიც რუსული სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანას ეხებოდა. ორივე ამ ხელშეკრულების რატიფიცირება პარლამენტმა 2006 წლის 13 აპრილს მოახდინა.
ტრანზიტზე ხელშეკრულება, რომელიც ხუთი წლის ვადით დაიდო, ითვალისწინებდა სომხეთში, გიუმრიში მდებარე 102–ე რუსული სამხედრო ბაზის მატერიალურ–ტექნიკურ და საკადრო უზრუნველყოფას საქართველოს სახმელეთო და საჰაერო სივრცის გამოყენებით.
თუმცა 5–წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა მისი ერთწლიანი პერიოდებით ავტომატური გაგრძელების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ ერთ–ერთი მხარე 6 თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებდა მეორე მხარეს შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
კალანდაძის თქმით, აღნიშნული ვადა ნოემბერში იწურება და საქართველო მას შემდეგ, რაც ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე პარლამენტის დადგენილება ძალაში შევა, აპირებს შვეიცარიის დიპლომატიური შუამავლობით „დაუყოვნებლივ“ გაუგზავნოს რუსეთს შესაბამისი შეტყობინება.
მისივე ინფორმაციით, ბოლოს საქართველომ რუსეთს ტრანზიტზე ნებართვა 2008 წლის ივლისში მისცა, ხოლო ამის შემდგომ მომართვაზე საქართველოს მთავრობისგან უარი მიიღო და მას შემდეგ "რუსეთის ფედერაციას აღარც მოუმართავს“.
ხელშეკრულების ანულირების შესახებ პარლამენტში გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი დღით ადრე, 18 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია ოფიციალური ვიზიტით სომხეთს სტუმრობდა.
ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში ახალაია სომეხ კოლეგას სეირან ოჰანიანს და სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა.
სომხეთის თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ახალაიამ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ და არ არსებობს ძალა, რომელიც ხელს შეუწლის ამ ახლო კავშირებს.
საქართველოს თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეხვედრების ძირითადი თემები თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე გამოცდილების გაზიარება, საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობა და სამხედრო განათლება იყო. ამავე ცნობით, ახალაიამ სომეხი სამხედროების საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაწვრთნა შესთავაზა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)