
რეინტეგრაციის სამინისტრო სტატუს–ნეიტრალურ დოკუმენტებზე მუშაობს
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 14 აპრილს განაცხადა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მაცხოვრებლებისთვის სტატუს–ნეიტრალური დოკუმენტები შესაძლოა წლის ბოლომდე გახდეს ხელმისაწვდომი.
საუბარია "ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ნეიტრალური სამოგზაურო დოკუმენტების და პირადობის მოწმობის გაცემაზე, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას იმოგზაურონ საზღვარგარეთ და ასევე ისარგებლონ საქართველოში არსებული სოციალური მომსახურებით.
სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ამგვარი დოკუმენტების აღება არ ნიშნავს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, მასზე გამოსახული არ იქნება საქართველოს სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა და არ იქნება ბიომეტრიული ტიპის, თუმცა მათი მეშვეობით მოხდება პიროვნების იდენტიფიცირება.
“ეს პროცესი მთლიანად დაფუძნებული იქნება ნებაყოფლობითობის პრინციპზე“– განაცხადა ტყეშელაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ამ დოკუმენტების "მასობრივ გამოყენებას არ ველით“.
ტყეშელაშვილის განცხადებით, ვიდრე სამოქალაქო რეესტრი მსგავსი დოკუმენტების გაცემას დაიწყებს, მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება განსახორციელებელი.
მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა სტატუს–ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტების მფლობელებს ვიზების გაცემაზე პრობლემები არ შეექმნათ.
სეპარატისტული აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ხშირად გამოთქვამდა პრეტენზიებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ორი რეგიონის რუსული პასპორტების მქონე მოსახლეობას ხშირად ეუბნებოდნენ უარს ევროპის ქვეყნების და აშშ–ის ვიზების გაცემაზე.
“ჩვენ შევძლებთ არალეგიტიმურად, საერთაშორისო სამართლის აბსოლუტური უგულვებელყოფით გაცემული რუსული პასპორტების გვერდის ავლით, ამ ადამიანებისთვის ლეგიტიმური გზით მოძრაობის თავისუფლების უზრუნველყოფას,“– განაცხადა ტყეშელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა ამ საკითხზე პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ სახელმწიფო სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად მიმდინარე მუშაობის შედეგები წარადგინა.
ტყეშელაშვილის თქმით, სამოქმედო გეგმის "ყველაზე მომცველობითი“ და "ზრდადი“ მიმართულებაა ჯანდაცვის სფერო, რადგან სულ უფრო ხშირია სეპარატისტული რეგიონებიდან და "არა მხოლოდ გალის რაიონიდან“ ჩამოსვლისა და მკურნალობის შემთხვევები. მისი ინფორმაციით, ამ კუთხით, 2010 წელს 1.4 მლნ ლარი დაიხარჯა. "ამაზე ხელისუფლება ხშირად არ ლაპარაკობს და რეკლამირებას არ უკეთებს,“– განუცხადა ტყეშელაშვილმა დეპუტატებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)