skip to content
ახალი ამბები

ბაღაფშის თქმით, მოსკოვთან ‘სასაზღვრო მოლაპარაკებებში’ უთანხმოება გაზვიადებულია

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მოსკოვთან ე.წ. სასაზღვრო მოლაპარაკებების ფარგლებში სოფელ აიბგაზე წარმოშობილი დავა გაზვიადებულია.

12 აპრილს სოხუმში პრეს–კონფერენციაზე საუბრისას ბაღაფშმა განაცხადა, რომ თურქეთში აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა მასთან შეხვედრის დროს ამ საკითხზე შეშფოთება გამოთქვეს. ბაღაფშის თქმით, მან დაარწმუნა ისინი, რომ ეს "ხელოვნურად“ შექმნილი საკითხია, რომელსაც არასანდო ინფორმაციის გავრცელებამ შეუწყო ხელი.

"მე პირდაპირ ვუთხარი ჩვენს დიასპორას, რომ უსაქმური საუბრები, რომ ბაღაფშმა აფხაზეთი გაყიდა, აიბგა მისცა, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. მე მოვუწოდე მათ, რომ ამ თემაზე გავრცელებულ ყველანაირ სისულელეს ნუ დაუჯერებენ,“ – იტყობინება "აფსნიპრესი“ ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.

"ჩვენ [რუსეთთან] დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხებზე ნორმალურ მოლაპარაკებების პროცესს ვაწარმოებთ,“ – განაცხადა მან.

"არავინ აპირებს თუნდაც ერთი კვადრატული მეტრის მიცემას ვინმესთვის,“ – დასძინა ბაღაფშმა.

აფხაზურ პრესაში პუტინის და მედვედევის კარიკატურების გავრცელებას, სადაც ისინი აფხაზეთს მისი ტერიტორიის ნაწილს ართმევენ, ბაღაფშმა "ღორობა“ უწოდა.

მისი თქმით, ამ "შემოქმედების“ ავტორებს დაავიწყდათ ის სირთულეები, რომლის გავლაც აფხაზეთს მოუწია. "გამოდის, რომ გარშემო ყველა პატრიოტია და მხოლოდ აფხაზეთის ხელმძღვანელობა არ არის პატრიოტი,“ – განაცხადა ბაღაფშმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button