skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი უარყოფს ოფიცერ ბორისოვის კავშირს საქართველოში მომხდარ აფეთქებებთან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ რუს ოფიცერს, ევგენი ბორისოვს, რომელსაც თბილისი შემოდგომაზე მომხდარი "ტერორისტული აქტების სერიის“ დაკვეთაში სდებს ბრალს, ვერ ექნებოდა კავშირი აფეთქებებთან, ვინაიდან იგი აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ძალებში აგვისტოს შემდეგ აღარ მსახურობს.

“2010 წლის 15 აგვისტოს ევგენი ბორისოვი წავიდა აფხაზეთიდან კონტრაქტის ამოწურვის გამო,“– განაცხადა ლუკაშევიჩმა 31 მარტს და დასძინა, რომ ეს ინფორმაცია ქართულ მხარეს მარტის დასაწყისში ეცნობა.

იმავე კომენტარში ლუკაშევიჩმა დაადასტურა, რომ ბორისოვი 2008 წლიდან მსახურობდა აფხაზეთში დისლოცირებულ რუსულ ძალებში, მათ შორის პასუხისმგებელი იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი "ცხელი ხაზის“ კავშირზე.

ევგენი ბორისოვი, რომლის დაკავების თაობაზე თბილისმა ოფიციალური ნოტით მიმართა მოსკოვს, საქართველოს მხარის მოთხოვნით ინტერპოლის მიერ "ტერორიზმის“ ბრალდებით იძებნება. ლუკაშევიჩის თქმით, ინტერპოლის ამ საქმეში ჩართვა "სინანულს“ იწვევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button