
შსს: ტერორისტული აქტის მომზადებაში ეჭვმიტანილი სამი პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებულია გალის რაიონში მცხოვრები სამი პიროვნება და ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი, რომლითაც ქუთაისში ტერორისტული აქტები უნდა მოეწყოთ რუსი ოფიცრის დავალებით.
შსს–ის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 31 მარტს, ქალაქ ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის და კოსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს გალში მცხოვრები ბიძაშვილები მანუჩარ ძაძუა და ავთანდილ ძაძუა, რომელთა "დაკავებისას ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი, რომელშიც დამონტაჟებული იყო დროის შემაყოვნებელი ამფეთქი მექანიზმი მოდერნიზებული დეტონატორით“.
"დაკავებულების თქმით, მათ დავალებული ჰქონდათ აეფეთქებინათ ბომბი ქ.ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციულ სამხარეო შენობასთან, იუსტიციის სახლთან, რომელშიც განთავსებულია სადვოკატო ბიურო და ლეიბორისტული პარტიის ოფისთან,“– ნათქვამია განცხადებაში.
დაკავებულია ასევე სოფელ ორსანტიაში მცხოვრები კალისტრატე მალანია, რომელიც შსს–ის თქმით, მანუჩარ ძაძუას დაეხმარა ასაფეთქებელი ნივთიერების გადმოტანაში ოკუპირებული აფხაზეთიდან.
დაკავებულების ჩვენებებზე დაყრდნობით, შსს აცხადებს, რომ მათ "ასაფეთქებელი ნივთიერება ოჩამჩირეში რუსეთის ფედერაციის ოფიცერმა, ვინმე ვალოდიამ გადასცა“.
“ბრალდებულების მიერ ფოტო სურათზე ამოცნობილი იქნა რუსი ოფიცერი,რომლის დავალებითაც ისინი მოქმედებდნენ,“– ნათქვამია განცხადებაში, "შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა მისი ნამდვილი ვინაობა, იგი არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსი ლეინტენანტი, 1985 წლის 29 იანვარს, ჩელიაბინსკის ოლქში, ქ.კორეკინოსში დაბადებული ალექსეი სერგეის ძე უშაკოვი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობს მესაზღვრეთა ნაბაკევის განყოფილებაში ოპერ-რწმუნებულის თანამდებობაზე. სამხედრო ნაწილი 2141“.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ტერორისტული აქტის მომზადებას ეხება.
ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს–მ ოფიციალური ინფორმაცია საღამოს გაავრცელა მას შემდეგ, რაც ქართული საინფორმაციო სააგენტოები და ტელევიზიები დილიდან აშუქებდნენ ქუთაისში ტერორისტული აქტების აღკვეთის შესახებ ცნობებს.
იმავდროულად, დღესვე თბილისში, პოლიციას მრგვალ ბაღთან, ბარნოვის ქუჩა ქონდა გადაკეტილი; ადგილზე გამნაღველები გამოიძახეს, რომლებიც "საეჭვო პაკეტს“ ამოწმებდნენ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ–ერთი მანქანიდან გადმოაგდეს. თუმცა, განგაში ყალბი აღმოჩნდა; პაკეტში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.