
ახალი ამბები
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს სამწლიანი პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ 2004–2010 წლებში ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ნიკოლოზ (კოკა) ფრუიძეს სამწლიანი პატიმრობა და 100 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა საპროცესო შეთანხმებით გაფორმებული ბრალის აღიარების საფუძველზე.
ნიკოლოზ ფრუიძე, რომელიც სამართალდამცავებმა კონტროლის პალატის დასკვნის საფუძველზე გასულ სექტემბერს დააპატიმრეს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების, ქრთამის აღების და ასევე თაღლითობაში დახმარების ბრალდებით გაასამართლეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, ფრუიძემ 2009 წელს ვაქცინის შესყიდვის ტენდერში „უკანონოდ“ გაამარჯვებინა მის ახლობელს ბესარიონ გოცირიძეს, რომელსაც სასამართლო საქმის იმავე განაჩენით, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და 100 ათასი ლარის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა.