
სააკაშვილის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი უცხო ქვეყნის ჯარების შემოსვლაზე ამყარებს იმედს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით არიან ძალები, რომლებიც უცხო ქვეყნის ჯარების თბილისში შემოსვლაზე ამყარებენ იმედს, მაგრამ მათ არაფერი არ გამოუვათ, რადგან საქართველოს ჰყავს ეფექტური უსაფრთხოების სამსახურები და ასევე, ქართველი ხალხი ამას არ მიიღებს.
ეს განცხადება სააკაშვილმა 25 მარტს საკუთარ რეზიდენციაში იმ სამართალდამცავების დაჯილდოების ცერემონიაზე გააკეთა, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს შსს–ის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის, დიმიტრი კორძაძის შარშან მომხდარი მკვლელობის გახსნაში. შსს–მ 22 მარტს განაცხადა, რომ მკვლელობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ–ს) თანამშრომლების დაკვეთით განხორციელდა.
“ჩვენ ძალიან დიდ ბრძოლაში ვიმყოფებით,“– მიმართა პრეზიდენტმა პოლიციის წარმომადგენლებს, "რა თქმა უნდა არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც არიან ცალკეული ადამიანები, მათ შორის შეიძლება პოლიტიკოსობაზე ჰქონდეთ პრეტენზია, რომელთაც იმდენად აქვთ ხელი ჩაქნეული რომ როდესმე მოიპოვებენ საკუთარი ხალხის მხარდაჭერას, რომ ერთი სული აქვთ და თქვენ ჩემზე უკეთესად იცით, რომ ერთმანეთში მუდმივად საუბრობენ ამაზე – ‘ახლა ერთადერთი რაც გადაგვარჩენს არის უცხო ქვეყნის ჯარის შემოსვლა თბილისში და ისინი თუ შეგვიქმნიან ჩვენ თანამდებობებს და უკეთეს ცხოვრებას’“.
“მაგრამ ამ ხალხს არაფერი არ გამოუვათ, ისევე როგორც არაფერი არ გამოუვათ იმ ადამიანებს, ვისაც თვალი უჭირავს ღალატზე და ვისთვისაც სამშობლო არაფერს არ ნიშნავს. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ქართველი ხალხის ამას არასდროს არ მიიღებს, საქართველოს ჰყავს ეფექტური მთავრობა და ამ შემთხვევაში ეს არის მთავარი, რომ ჩვენ გვყავს ეფექტური უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური სტრუქტურები, რომელთაც ისწავლეს მაღალ დონეზე დანაშაულის გახსნა, ქვეყანა გადააქციეს უსაფრთხო ადგილად მისი მაცხოვრებლებისთვის და ისწავლეს საკადრისი პასუხის გაცემა ყველანაირი უცხო აგრესიული ელემენტისადმი და მათი ადგილობრივი დამქაშებისათვის,“– განაცხადა მან.
სააკაშვილის თქმით, ყველამ უნდა მიაგოს პატივი "ჩვენი პოლიციის და ჩვენი შეიარაღებული ძალების“ წარმომადგენლებს იმიტომ, რომ "პერიოდულად მათ უხდებათ ყველაზე მაღალი ფასის გაღება საკუთარი სამშობლოსთვის – საკუთარი სიცოცხლის“.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიციის გარდაცვლილი მაღალჩინოსანი, დიმიტრი კორძაძე სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.
This post is also available in: English Русский