ახალი ამბები

ჰანსიორგ ჰაბერი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე

  • ”კონფლიქტის მოგვარებისკენ ვერ მივიწევთ”;
  • ”რუსეთმა საქართველოზე გავლენის დიდი ნაწილი დაკარგა”;
  • ”მან არ იცის როგორ აღიდგინოს ეს გავლენა”;
  • ”რუსეთის ქართულ პოლიტიკას შემოქმედებითობა აკლია”;
  • ”საქართველოს რუსული პოლიტიკა ცალმხრივია”;
  • ”საქართველოს სურს დიპლომატიური ბრძოლების მოგება, თუ რეინტეგრაცია?”

მოსკოვმა, რომლის პოლიტიკა თბილისის მიმართ ”შემოქმედებითობას” მოკლებულია, საქართველოზე გავლენის დიდი ნაწილი დაკარგა და ახლა ”ვერ გარკვეულან როგორ აღიდგინონ ეს გავლენა”, ხოლო თბილისის მოსკოვისადმი პოლიტიკა ”საკმაოდ ცალმხრივი” და ”მრავალგანზომილებიანობას” მოკლებულია, განაცხადა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ჰანსიორგ ჰაბერმა.

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, ასევე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე საკუთარი მოსაზრებები, დიპლომატისთვის უჩვეულო პირდაპირობით, ჰაბერმა 23 მარტს, თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ– როსის სემინარზე საუბრისას წარმოადგინა.

ჰაბერმა, რომელიც საქართველოში პოსტს უახლოეს მომავალში დატოვებს, სემინარის იმ სხდომაზე ისაუბრა, სადაც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი განიხილებოდა და სადაც მასთან ერთად მომხსენებლები ასევე იყვნენ რეინტეგრაციის სახითხებში სახელმწიფო მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია.

”რუსეთთან კონფლიქტზე საუბრისას მომიწევს გავცდე ჩემი [თანამდებობის] მანდატით დადგენილ საზღვრებს და ამას სიამოვნებით გავაკეთებ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემს მიერ ნათქვამი იქნება ჩემი პირადი მოსაზრება დაფუძნებული იმ გამოცდილებაზე, რომელიც მე ბოლო ორწელიწად ნახევრის განმავლობაში შევიძინე,” – განუცხადა აუდიტორიას ჰაბერმა გამოსვლის დაწყებისთანავე.

ჰაბერი საქართველოში 2008 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განთავსების პირველივე დღიდან ხელმძღვანელობს ამ მისიას.

შემდეგ ევროპელმა დიპლომატმა მოკლედ მიმოიხილა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორია დაწყებული გეორგიევსის ტრაქტატიდან, რის შემდეგაც განაცხადა: ”ნათელია, რომ ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და, ასევე სენტიმენტალური მიზეზების გამო ამიერკავკასიაში საქართველო კვლავ დიდ ჯილდოს წარმოადგენს რუსეთისთვის.” მისი თქმით, საქართველო რუსეთისთვის ამ რეგიონში სომხეთსა და აზერბაიჯანზე უფრო მნიშვნელოვანია.

ჰაბერის განცხადებით, საქართველოში მისთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ ’რუსეთს უყვარს საქართველო, მაგრამ არა ქართული სახელმწიფოებრიობა.’ ეს ნათქვამი ”სავსებით გასაგებია,” აღნიშნა მან.

”რუსეთმა ბერკეტი დაკარგა”

ჰაბერმა გაიხსენა, რომ მის დიპლომატიურ კარიერაში საქართველოსთან პირველად შეხება 1996 წელს მოუწია, როდესაც ის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაეროს მისიებში გერმანიის მონაწილეობას კურირებდა. მაშინ გერმანიას საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა ჰქონდა გაეროს დამკვირვებელთა მისიაში (UNOMIG).

მისი თქმით, თბილისიდან მიღებული დიპლომატიური ტელეგრამები ”ყველაზე რთული იყო" და ჯერ კიდევ მაშინ ესმოდა მისი კოლეგებისგან, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს საქართველოს საკუთარ ორბიტაზე დასაბრუნებლად იყენებდა.

”რა თქმა უნდა, რუსეთი იყენებდა ამ ორ დე ფაქტო წარმონაქმნს, რათა საქართველოზე გავლენის ბერკეტები ჰქონოდა. თუ ეს ასე იყო, მაშინ გამოდის რომ რუსეთის მიერ ამ ორი რეგიონის აღიარების შემდეგ, სურათი შეიცვალა. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე ნიშანი იმისა, რომ აღიარების გადაწყვეტილება მწვავე დავის საგანი იყო რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ისტებლიშმენტში,” – განაცხადა ჰაბერმა.

მისი თქმით, ორი რეგიონის აღიარებით რუსეთმა დაკარგა ის ბერკეტი, რომელსაც იყენებდა და საქართველოს ”აშანტაჟებდა, რათა ის საკუთარ ’ახლო სამეზობლოში’ დაებრუნებინა.”

”მე ვფიქრობ, რუსეთმა საქართველოზე გავლენის დიდი ნაწილი დაკარგა,“ – განაცხადა ჰაბერმა.

მისი თქმით, 2008 წლის ოქტომბერში, როდესაც საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მუშაობა დაიწყო, ოფიციალური პირები თბილისში მას ეუბნებოდნენ, რომ რუსეთს აგვისტოს ომის დროს სამი მიზანი ამოძრავებდა: დაემხო პრეზიდენტი სააკაშვილი; ძირი გამოეთხარა საქართველოს ენერგო-სატრანზიტო ფუნქციისთვის და სამუდამოდ შეეშალა ხელი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის.

"რაც შეეხება ამ უკანასკნელს [ნატოში გაწევრიანებას] – ეს თქვენთვის მომინდია განსაზღვროთ, თუ რა ეტაპზეა ამჟამად საქართველო; ხოლო რაც შეეხება პრეზიდენტის ჩამოგდებას და სამხრეთ კავკასიური ენერგო დერეფნით ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებას – ეს საშიშროება საკმაოდ შემცირდა ბოლო ორწლინახევრის მანძილზე,“ – განაცხადა ჰაბერმა.

”რუსეთმა არ იცის როგორ აღიდგინოს გავლენა საქართველოზე”

ჰაბერმა განაცხადა, რომ ”თამაში, რომელსაც რუსეთი ახლა თამაშობს” ჟენევის მოლაპარაკებებზე არის მცდელობა, რომ საკუთარი თავი არა კონფლიქტის მხარედ, არამედ შუამავლად წარმოაჩინოს, რაც, მისი თქმით, ”აბსურდია”.

ამის გარდა, მისივე თქმით, რუსეთმა კვლავ დაიწყო მოთხოვნის წამოყენება, რომ საქართველომ ძალის არგამოყენების შესახებ წერილობითი ხელშეკრულება სოხუმთან და ცხინვალთან გააფორმოს.

რუსეთი ამ ხელშეკრულების დადებას ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ითხოვდა; შარშან, როგორც კომპრომისული ვარიანტი, მოსკოვმა შესთავაზა თბილისს ძალის არგამოყენების თაობაზე ცალმხრივი დეკლარაცია გაეკეთებინა. 23 ნოემბერს ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასეთი დეკლარაცია გააკეთა, თუმცა ამის შემდეგ რუსეთი კვლავ თავდაპირველ მოთხოვნას დაუბრუნდა და თბილისისგან სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულების გაფორმება მოითხოვა; თავად მოსკოვი, იმ მიზეზით რომ საკუთარ თავს კონფლიქტის მხარედ არ მიიჩნევს, ასეთი ხელშეკრულების ხელის მოწერაზე უარს ამბობს.

"რას აკეთებენ რუსები? ახლა ჟენევაში, მაგალითად, მათ განაახლეს მოთხოვნა, რომ საქართველომ ძალის არგამოყენების თაობაზე წერილობითი გარანტია წარმოადგინოს, დამატებით იმ გარანტიისა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა შარშან ნოემბერში ევროპარლამენტში წარადგინა და ისინი ამას უკავშირებენ მოთხოვნას, რომ რუსეთი ძალის არგამოყენების ერთ–ერთი გარანტორი გახდეს, რადგან ისინი თავს არ მიიჩნევენ კონფლიქტის მხარედ – ეს აშკარა აბსურდია, მაგრამ ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ რუსები ვერ გარკვეულან როგორ აღადგინონ თავიანთი ზეგავლენა საქართველოზე,“ – განაცხადა ჰაბერმა.

"მათ ასევე აქვთ კონტაქტები ქართულ ოპოზიციასთან, რაც სავსებით გასაგებია და მთლიანობაში ლეგიტიმურიც არის; ყველა ქვეყანა აკეთებს ამგვარ რამეს,“ – დასძინა მან.
 
"ასე რომ, რუსებთან ჟენევის მოლაპარაკებების და მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსებმა ამ ეტაპზე ნამდვილად არ იციან როგორ აღადგინონ გავლენა საქართველოზე და გარანტორის როლის მინიჭების მოთხოვნით ცდილობენ ინიციატივის აღებას; თუმცა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს არ მოხდება,“ – განაცხადა ჰაბერმა.

”ამგვარად, რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ამ ეტაპზე არც თუ ძალიან შემოქმედებითია,” – დასძინა მან.
 
”საქართველოს ცალმხრივი პოლიტიკა”

იმავე გამოსვლაში ჰაბერმა საქართველოს მიდგომებზეც ისაუბრა და მას ”ცალმხრივი” უწოდა.

"მეორე მხრივ, საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ ასევე არ არის ძალიან მრავალგანზომილებიანი და ის საკმაოდ ცალმხრივია,” – განაცხადა მან.

”ძირითადად, ის შემოიფარგლება საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებით, რათა განუწყვეტლად წარმოაჩინოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის მნიშვნელობა, რასაც, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველანი ვემხრობით და ამიტომ, ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დამატებითი დადასტურებები უკვე კლებადი უკუგების კანონის გამოვლენისკენ იხრება,“ – განაცხადა ჰაბერმა.

მისივე თქმით, იმის მაგივრად რომ საქართველო პირდაპირ გავიდეს რუსეთთან კონტაქტზე, ამის გასაკეთებლად თბილისი თავის ამერიკელ და ევროპელ პატრნიორებს იყენებს, მათივე ბერკეტებთან ერთად.

ჰაბერის განცხადებით, საქართველოს ზოგიერთი მოთხოვნა რუსეთთან მიმართებაში არ უწყობს ხელს თბილისის მიზანს, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციას მიაღწიოს.

ამის მაგალითად მან რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს მოთხოვნა მოიყვანა, სადაც თბილისი რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ საქართველო–რუსეთის საზღვრის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მონაკვეთების გამჭირვალობას და იქ არსებულ ვაჭრობაზე საკუთარი კონტროლის დამყარებას ითხოვს.

"სამართლებრივად, ეს რა თქმა უნდა, ლეგიტიმური მოთხოვნაა,“ – განაცხადა ჰაბერმა, თუმცა იქვე დასძინა: ”ეს მოთხოვნა რომც შესრულდეს, ამით რა შეიცვლება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს საბოლოო მიზნის მიღწევაში?“ 

"მე ვერ ვხედავ, რომ ამან რაიმე წვლილი შეიტანოს ამ ეროვნული მიზნის შესრულების საქმეში,“ – განაცხადა ჰაბერმა.

”ამგვარად, საკითხავია საქართველოს დიპლომატიური ბრძოლების მოგება სურს, რათა კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, თუ სურს რეინტეგრაცია,” – დასძინა მან.

მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი კანდელაკმა, რომელიც პარლამენტში საგარეო ურთიერთობადა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, უპასუხა, რომ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე კონტროლის მოთხოვნით თბილისი ცდილობს საკითხს ”პოლიტიკური დინამიზმი” შესძინოს, რაც, კანდელაკის თქმით, საბოლოო მიზანს, ანუ რეინტეგრაციის პროცესს წაადგება.

ჰაბერმა თავის გამოსვლაში ასევე განაცხადა, რომ კარგი იქნება თუ დაიწყება ფიქრი იმაზე, ”რომ მოხდეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება ისე, რომ თითქოს რუსეთი არ არსებობს და რუსეთთან ურთიერთობები კი ისე, რომ თითქოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ არსებობს.”

”წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ კიდევ უფრო მეტ ბერკეტს აძლევთ რუსებს, რაც აშკარაა რომ არ გსურთ,” – განაცხადა ჰაბერმა.

ევროპელმა დიპლომატმა გამოსვლაში ასევე ახსენა ის დაპირისპირება, რომელიც გარკვეულ საკითხებზე იჩენს ხოლმე თავს მოსკოვსა და სოხუმს შორის და ასევე მოსკოვსა და ცხინვალს შორის.

”ჩვენ ამას ტექნიკურ დონეზეც კი ვგრძნობთ, როდესაც მათ ადმინისტრაციულ საზღვართან ვხვდებით… ხანდახან მათ გამოსდით ამ დაპირისპირებების დამალვა, ხან ამას ვერ ახერხებენ,” – განაცხადა ჰაბერმა.

ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ სოხუმის და ცხინვალის რეჟიმების მოსკოვის სრულ მარიონეტებად განხილვა, ამ ორ რეგიონს კიდევ უფრო უბიძგებს რუსეთისკენ და არ უწყობს ხელს რეინტეგრაციის ამოცანის შესრულებას.

მან ასევე ისაუბრა იმ ”აშკარა განსხვავებებზე”, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებობს და განაცხადა: ”სამხრეთ ოსური დიპლომატია ეს არის გაბრაზებული, მგზნებარე, გადაჭარბებისკენ მიდრეკილი, მაგრამ ისინი მაინც უფრო ახლოს არიან საქართველოსთან.”

”აფხაზეთი განსხვავებულია – ისინი უფრო ზომიერები არიან… მაგრამ ისინი საქართველოსთან მიმართებაში უფრო ცივები არიან,” – განაცხადა ჰაბერმა.

მისი თქმით, სოხუმსა და ცხინვალს თბილისის მხრიდან მკაფიო და ძლიერი ნიშანი ჭირდებათ, რათა მათი რუსეთთან ამჟამინდელი ურთიერთობების ალტერნატივა სერიოზულად განიხილონ.

”ამ მიმართულებით საქართველომ ბევრი რამ გააკეთა,” – განაცხადა ჰაბერმა და დასძინა, რომ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში ამ მხრივ პირველი ნაბიჯი იყო, ხოლო მის სამოქმედო გეგმას ”ქონდა პოტენციალი განვითარებულიყო ნამდვილ ქმედით პროგრამად.”

”ამჟამად, მე და ბევრ სხვა დამკვირვებელს აქვს განცდა, რომ ჩვენ ვერ დავაღწიეთ თავი ამ კონფლიქტს და ვერ მივიწევთ წინ მისი მოგვარებისკენ, რაც, ჩვენი აზრით, მდგომარეობს [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის] რეინტეგრაციაში ან სულ ცოტა ამ ორი რეგიონის საქართველოსთან დაახლოებაში, რასაც ჩვენ ყველანი ვუჭერთ მხარს,” – განაცხადა ჰაბერმა.

მსგავსი/Related

Back to top button