
ბაქრაძე ევროკავშირთან საქართველოს “თანმიმდევრულ სექტორულ ინტეგრაციაზე“ საუბრობს
საქართველოს საბოლოო მიზანს ევროკავშირის წევრობა წარმოადგენს, თუმცა ის ხელისუფლების დღის წესრიგის უახლოესი ამოცანა არ არის, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ და იქვე დასძინა, რომ ნაცვლად ამისა, ხელისუფლება ევროკავშირთან "თანმიმდევრულ სექტორულ ინტეგრაციაზე“ ამახვილებს ყურადღებას.
"საბოლოო ჯამში, ჩვენ ვხედავთ ჩვენს ადგილს ევროპაში; ეს ასევე ნიშნავს [ევროკავშირის] პოლიტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას,“ – განაცხადა მან ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 76-ე სემინარზე გამოსვლისას, რომელიც თბილისში 23 მარტს გაიხსნა.
"მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ამ ეტაპზე პოლიტიკურ ინსტიტუტებში ჩვენს დაუყონებლივ წევრობაზე საუბარი შესაძლოა კონტრპროდუქტიული იყოს, ვინაიდან ჩვენ გვესმის, რომ თავად ევროკავშირი რთულ ვითარებაში იმყოფება და მოცემულ მომენტში თავად უწევს ბევრ შიდა პრობლემასთან გამკლავება. ამიტომ, ამ საკითხს დღის წესრიგში არ ვაყენებთ,“ – განაცხადა ბაქრაძემ.
"ჩვენი სტრატეგია ცოტათი განსხვავებულია. ჩვენი სტრატეგიაა თანმიმდევრული სექტორული ინტეგრაცია [ევროკავშირთან],“ – განაცხადა ბაქრაძემ და იქვე დასძინა, რომ ამ სტრატეგიის ნაწილია საქართველოს ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გზით.
მან ასევე განაცხადა, რომ სხვადასხვა დარგებში კავშირების გაღრმავება "ძალიან გაამარტივებს საბოლოო პოლიტიკურ ინტეგრაციაზე საუბარს“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)