ახალი ამბები

რესპუბლიკელებმა მურმან დუმბაძე პარტიიდან გარიცხეს

რესპუბლიკურმა პარტიამ თავისი რიგებიდან გარიცხა მურმან დუმბაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი და პარტიის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი პარტიული წესდების რამდენიმე მუხლის დარღვევის საფუძველზე.

როგორც რესპუბლიკური პარტიის მიერ 18 მარტს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დუმბაძის გარიცხვა უკავშირდება პარტიის ოფიციალურ კურსთან მის შეუსაბამო პოზიციას. 

საქმე ეხება უთანხმოებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტიაციის თაობაზე საქართველოსა და თურქეთს შორის შესაძლო ხელშეკრულების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ბათუმში აზიზიეს მეჩეთის ხელახლა აშენებისა და რამოდენიმე სხვა მეჩეთის რეკონსტრუქციის სანაცვლოდ, უნდა მოხდეს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ოშკის, ხანძთის, იშხანის სამონასტრო კომპლექსების და ოთხთა ეკლესიის რეაბილიტაცია.

დუმბაძე ეწინააღმდეგება ბათუმში აზიზიეს მეჩეთის შესაძლო ხელახლა აშენებას. იგი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად ბათუმში 23 მარტს დაგეგმილი აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორია.

რესპუბლიკელების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ გააფრთხილეს დუმბაძე, რომ დაუშვებლად თვლიან პარტიის მონაწილეობას ამ აქციის ორგანიზებაში, მან უარი არ თქვა მასში მონაწილეობის გეგმებზე.

პარტიიდან გარიცხვის შემდეგ დუმბაძემ "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ მისთვის პარტიულ ინტერესებზე მთავარი ქვეყნის ინტერესებია.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი თავის წერილობით მოსაზრებაში მიესალმა "საქართველოს მთავრობის მცდელობას თურქულ მხარესთან მიაღწოს შეთანხმებას ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურის ძეგლების დაცვის თაობაზე“, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ ხელშეკრულება "არ უნდა ითვალისწინებდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული და დროთა განმავლობაში განადგურებული ძეგლების ადგილზე მსგავსი შენობების ხელახლა აშენებას“.

 

Back to top button