
რუსულ-აფხაზური “სასაზღვრო მოლაპარაკებები“
"რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის საზღვის დელიმიტაციისა და დემარკაციის“ ერთობლივი აფხაზურ–რუსული კომისია თავის მეორე შეხვედრას მოსკოვში 28 მარტს–1 აპრილს გამართავს, იტყობინება "აფსნიპრესი“.
აფზაზურ პრესაში ბოლო დროს გამოჩნდა ვარაუდები, რომ საკითხი შესაძლოა სადავო გახდეს.
14 მარტს აფხაზურმა გაზეთმა "ნოვი დენ“, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი მთავრობის მიმართ, გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც მოსკოვს 160 კვადრატული კილომეტრი მიწის მიერთება სურს აფხაზეთის ტერიტორიის სიღმეში. აფხაზეთის საერთო ფართობი ამჟამად 8 665 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.
გაზეთის თანახმად, საზღვრის დემარკაციის ერთობლივი აფხაზურ–რუსული კომისიის პირველი შეხვედრის შემდეგ, რომელიც 2010 წლის ნოემბერში გაიმართა, მოსკოვმა სოხუმს გაუგზავნა შეთავაზება, რომლის თანახმადაც 160 კვადრატული კილომეტრის მთიანი ტერიტორია მდინარე ფსოუს გასწვრივ მდებარე საზღვრის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიად უნდა მიჩნეულიყო.
"ნოვი დენ“ იტყობინება, რომ კომისიის წევრმა აფხაზური მხრიდან, დეპუტატმა ვალერი კვარჩიამ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ამავე ინფორმაციით, კომისიის სხვა აფხაზმა წევრებმა პირად საუბრებში განაცხადეს, რომ რუსეთის ელჩმა სოხუმში აფხაზურ მხარეს სთხოვა, რომ მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ პრესასთან არ ესაუბრა.
"ნოვი დენ“ ასევე იტყობინება, რომ აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში მოსკოვის შემოთავაზების კატეგორიული წინააღმდეგია.
This post is also available in: English Русский