ახალი ამბები

მოსკოვის თქმით, სააკაშვილის მოწოდება დიალოგისკენ “პიარ აქციაა“

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომ მას სურვილი აქვს რუსეთთან დიალოგი გამართოს, არის "პიარ–აქცია და მოუქნელი მცდელობა საკუთარი თავი კონსტრუქციულ და მშვიდობისმოყვარე პოლიტიკოსად წარმოაჩინოს,“ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა 17 თებერვალს.

"ეს არ არის სააკაშვილის პირველი განცხადება, რომ იგი სურვილს გამოთქვამს რუსეთთან თანამშრომლობა და დიალოგი დაამყაროს. შეუძლებელია ამგვარი განცხადებების სერიოზულად მიღება, თუნდაც იმიტომ, რომ მათ ჩვეულებრივ თან სდევს უხეში ანტი–რუსული რიტორიკა, კონფრონტაციული და შეურაცხმყოფელი თავდასხმები რუსეთის ფედერაციის მისამართით,“ – განაცხადა მან, როდესაც მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა სააკაშვილის მიერ 11 თებერვალს, პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებაზე.

"საკმარისია გაიხსენო მისი ინტერვიუ გაზეთ Independent-თან და მისი გამოსვლა პირველი საინფორმაციო კავკასიური არხის პირდაპირ ეთერში, სადაც მან რუსეთს მტერი უწოდა… და მკრეხელურად დაუკავშირა დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარებას და ასევე აცხადებდა, რომ ‘ომი რუსეთთან არ დამთავრებულა,’“ – განაცხადა ლუკაშევიჩმა.

   

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button